„გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვაქვს“ - რა გამოწვევების წინაშეა ტურისტული სექტორი გუდამაყარში?

­„გუდამაყრის ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საცხენოსნო ტურები „სისვის“ ორგანიზატორმა ნატო ბექაურმა განაცხადა. მისი თქმით, ხეობის ცნობადობის უფრო მეტად გაზრდას ხელშეწყობა და მეტი ინიციატივა სჭირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა მხარის ტურისტული გამოწვევებისა და პოტენციალის შესახებ გიყვებათ. ამჯერად დავინტერესდით, რა პრობლემებია გუდამაყარში და რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ტურიზმის განვითარებისთვის.

ნატო ბექაური ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გუდამაყრის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. ამასთან, მისი თქმით, კვლავ პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურაც.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხეობაში გამართული გზისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონაა, რაც როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია. გუდამაყარში არსებობს რამდენიმე ტურისტული ობიექტი, სადაც სტუმარს განთავსება შეუძლია. ამასთან, გამოიკვეთა დამატებითი სერვისების შექმნის მოთხოვნა, რაც ტურისტული კუთხით ხეობას მეტად განავითარებს,“ - თქვა მან.

ბექაურმა ყურადღება გაამახვილა გიდების საკითხზეც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი გიდების გადამზადება.

„ხეობას ყველაზე უკეთ ადგილობრივები იცნობენ, ამიტომაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი გიდების გადამზადება, რათა ტურისტმა იმოგზაუროს უსაფრთხოდ, საინტერესო მარშრუტებზე. გუდამაყარში უკვე არსებობს 5 მარკირებული ტურისტული ბილიკი, რაც ხეობის პოპულარიზაციას და მის განვითარებას უწყობს ხელს. ხელშეუხებელი ბუნება და ავთენტური გარემო აქაურობას მეტად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. იმის გათვალისწინებით, რომ გუდამაყარი თბილისიდან სულ რაღაც 90 კილომეტრში მდებარეობს, ეს უნიკალური ბუნება დამსვენებელში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ხოლმე,“ - ამბობს ნატო ბექაური.

მერი ტაბატაძე