„ელექტროდამტენებთან მიმართებაში ძალიან დიდ პრობლემებში ვართ - ელექტროდამმუხტავი მოწყობილობების რუკაზე სასაცილოდ გამოვიყურებით ევროპასა და ამერიკასთან შედარებით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მცირეა სწრაფი ელექტროდამმუხტავების რაოდენობა. მელაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროდამტენების განვითარების პროცესი თვითდინებით ვითარდება.
„ელექტროდამტენებთან მიმართებაში ძალიან დიდ პრობლემებში ვართ. რომ ავიღოთ და დავხედოთ ელექტროდამტენების რუკას, ელექტრო დამმუხტველების რუკაზე სასაცილოდ გამოვიყურებით, ევროპასა და ამერიკასთან შედარებით. ჩვენნაირი ქვეყნები, რომლებსაც ცოტა აქვს დამმუხტავი, ბევრია. ქვეყანაში ძალიან ცოტაა დასამუხტი წერტილები და ესენიც არის ისეთი, რომელსაც დიდი დრო უნდა, სწრაფი დასამუხტი წერტილები გვაქვს კიდევ უფრო ცოტა.
სახელმწიფოს მხრიდანაც არის ხელშეწყობა, რომ იყოს დასამუხტი მოწყობილობები, მაგრამ ეს ტემპი დაბალია და თვითგანვითარებისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. ერთ პერიოდში აცხადებდნენ - „გადავიდეთ ელექტრომანქანებზე და 2020 წელს ავტომობილების 90% ელექტრო იქნებაო“, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოერია ან არ მოერია სახელმწიფო ამ მიმართულებას და თვითდინებაზე მოგვიწია გადართვა.
პროცესი ცოტა ხანი შეჩერდა, მერე მაინც იპოვა კალაპოტი და თვითდინებით მიდის - მზარდია, მაგრამ თვითდინებაზეა. რაღაც პერიოდი დაგვჭირდება. ჩემი გადმოსახედით, 3-4 წლის დიაპაზონში უკვე გაფილტრული იქნება, რა ვიყიდოთ და რა არა, ვის აქვს ელექტრო და ვის არა,“ - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
ცნობისთვის, e-space-ის ავტომობილების ელექტროდამტენების რუკაზე 6 სწრაფი დამტენი იძებნება, ხოლო მე-2 დონის დამტენის რაოდენობა 70-მდეა.