რუსული „რენესანს-ბანკი,” რომლის დოლარსა და ევროში გადარიცხვები საქართველოში არის ხელმისაწვდომი, 31 ივლისიდან იუანში ტრანზაქციებს აჩერებს.
ამის შესახებ ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, “რენესანს-ბანკის” 30 ივლისით დათარიღებულ ინფორმაციაში ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც ძალაში დღეიდან, 31 ივლისიდან შედის, ჩინეთის ბანკებში იუანში გადარიცხვებზე ინფორმაცია აღარ დევს.
ეს მაშინ, როცა 3 ივლისით დათარიღებული სატარიფო ინფორმაციის თანახმად, “რენესანს-ბანკი” ჩინეთის ბანკებში გადარიცხვებს იუანში თანხის 1%-იანი საკომისიოთი, მინიმუმ, 150 და, მაქსიმუმ, 2 ათასი იუანის ოდენობით ასრულებდა.
ამასთან, ახალი ტარიფების შესახებ ბანკის განცხადებაში წერია, რომ მის გადარიცხვებზე საკომისიო თანხა კვლავ 1%-ს შეადგენს.
კერძოდ, ბანკის 1%-იანი საკომისიო გადარიცხვები ყაზახეთში ყაზახურ თენგეში და სომხურ დრამში ქვეყნის ნებისმიერ ბანკში (Mellat Bank-ისა და VTB Bank-Armenia-ს გარდა), ასევე, საქართველოში დოლარსა და ევროში არის შესაძლებელი.
მიმდინარე კვირას რუსული “კომერსანტისთვის” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში რუსული გადახდები სულ უფრო უარესდება და ჩინური ბანკები იუანში გადარიცხვების, დაახლოებით, 80%-ს რუსეთში აბრუნებენ. წყაროს ცნობით, ჩინური ბანკები საკორესპონდენტო ანგარიშებზე თანხას 30-40 დღის განმავლობაში უპირობოდ ყინავენ, შემდეგ კი უკან აბრუნებენ. ზოგ შემთხვევაში, ჩინური საქონელი რუსეთში ჩადის, ხოლო ჩინელი მიმწოდებელი თანხას 5-6 თვის განმავლობაში ვერ იღებს.
ჩინური მხარე მოთხოვნებს 2023 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ამკაცრებს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით ხაზინის დეპარტამენტს უფლება მიეცა, დააწესოს მეორადი სანქციები მესამე ქვეყნების იმ საკრედიტო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დახმარებას უწევენ.
ცნობისთვის: “რენესანს-ბანკი,” სათაო ოფისით მოსკოვში, რუსული კომერციული ბანკია, რომელიც 2000 წელს დაარსდა. ფინანსური ორგანიზაცია სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზარზე არის სპეციალიზებული და რუსეთის ტოპ 100 ბანკში შედის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ