რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ ელექტროენერგიას

2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის იმპორტის 91.4% რუსეთზე (განკუთვნილი სრულად აფხაზეთისთვის), დარჩენილი 8.6% კი აზერბაიჯანზე მოდიოდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ მიმოხილვაშია საუბარი.

მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 23.9%-ით შემცირდა და 0.5 ტვტ.სთ შეადგინა (ჯამური მოთხოვნის 5.9%). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საშუალო საიმპორტო ფასმა 0.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (0.1 აშშ ცენტი) მეტია. „ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის შედეგია, როცა იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონის მოხმარების მიზნით ხორციელდებოდა, აფხაზეთი კი ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს.

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია წელსაც სრულად აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი,“- აღნიშნულია მიმოხილვაში. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ 0.8 ტვტ.სთ შეადგინა (+0.1% წ/წ).

„წლიურ ჭრილში ზრდა მიზერულია, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა მაღალი რჩება - 2021 წლიდან გაორმაგებულია, 2022-თან შედარებით კი 21%-ით გაზრდილი. მოცულობის ზრდის მიუხედავად, წლიურად 31.5%-ით შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში შემცირებული ფასით აიხსნება“,- ვკითხულობთ მიმოხილვაში.

მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის 83.8% (634.6 გვტ.სთ) თურქეთში გავიდა, 11.9% (89.8 გვტ.სთ) სომხეთში, ხოლო დარჩენილი 4.2% (32 გვტ.სთ) აზერბაიჯანში. ამასთან, ექსპორტის საშუალო ფასი 4.8 აშშ ცენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.5%-იანი კლებაა.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, ელექტროენერგიის ტოპ-3 ექსპორტიორი იყვნენ - „ბუქაფ სოლუშენზ“,“ ქროს ბორდერ ტრეიდინგი“ და „ესკო“.

„2024 წლის პირველ ნახევარში კვლავ ნარჩუნდება დადებითი სავაჭრო ბალანსი. ექსპორტის მოცულობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებამ, ხოლო იმპორტის საჭიროების კლებამ, მიმდინარე წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი გაზარდა, რამაც 0.3 ტვტ.სთ შეადგინა. თუმცა, ღირებულებაში სავაჭრო ბალანსი გაუარესდა, რადგან იმპორტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო საექსპორტი ფასი შემცირდა,“- აღნიშნულია „გალტ&თაგარტის“ მიმოხილვაში.

ნინი ქეთელაური