რა ვიცით და რომელი ცნობილი პროექტები უკავშირდება ბელგიურ კომპანიას Jan De Nul, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul-ია. კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს შეასრულებს.

Jan De Nul Group ბელგიური საოჯახო კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ლუქსემბურგშია. კომპანია საერთაშორისო საფუძველზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. საზღვაო ინჟინერიის სხვა სფეროებთან ერთად, მისი ძირითადი მიმართულება დრენაჟი და წყლის სიღრმის გაზრდაა, რაც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. საქმიანობის სხვა სფეროები სამოქალაქო ინჟინერიასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიას მოიცავს.

Jan De Nul Group თავიდან, როგორც სამშენებლო კომპანია, 1938 წელს ბელგიის ქალაქ ალსტის მუნიციპალიტეტში ჰოფსტადში დაარსდა. კომპანია სამოქალაქო სამუშაოებსა და საზღვაო მშენებლობაზე იყო სპეციალიზირებული. დრენაჟის ბიზნესში Jan De Nul Group 1951 წლიდან შევიდა, ახლახან კი ოფშორული ქარის ენერგიის ბიზნესით დაკავდა და ევროპის ქარის ენერგიის ძირითადი პროექტების განხორციელებაში წარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2008 და 2009 წლებში Jan De Nul Group ბელგიაში ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებლად იქნა აღიარებული.

კომპანია 75 ხომალდისგან შემდგარ ფლოტს ფლობს. მათ შორის არის Cristobal Colon-ი, რომელიც წყალში 2008 წელს ჩაეშვა და მსოფლიოში უდიდესი, 46,000 კუბური მეტრი ტევადობის მიწის შემწოვი დრეჯერია. გემს წყლის სიღრმის 155 მ-მდე გაზრდა შეუძლია. ანალოგიური საზღვაო საინჟინრო გემია 2010 წელს ჩაშვებული Leiv Eiriksson-ი. მთლიანობაში, Jan De Nul Group-ს ჰყავს მსოფლიოში მიწის შემწოვი დრეჯერების ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლოტი.

Jan De Nul-ის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელებულ ძირითად პროექტებს შორის არის პანამის არხის გაფართოება; ბრიჯთაუნის პორტის გაუმჯობესება; ბოტანის პორტის გაფართოება; საუდის არაბეთში დამბისა და კუნძულის პროექტი, Manifa Field Causeway and Island Project; დუბაის ხელოვნური კუნძული, Palm Jebel Ali და მიმდებარე წყლის სანაპირო; ტაკორადის ნავსადგურის გაფართოების პროექტი განაში.

2020-2021 წლებში Jan De Nul Group-მა ზღვის 1 კმ-მდე სიღრმესა და 135 კმ მანძილზე ელექტროგადამცემი კაბელი გაიყვანა, რომელიც კუნძულ კრეტას მატერიკ საბერძნეთთან აკავშირებს.

2022 წლის ბოლოს Jan De Nul Group-ს 7 178 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2,5 მლრდ ევრო შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ