ლევან დავითაშვილი - არბიტრაჟმა სახელმწიფო გამარჯვებულად გამოაცხადა, სხვა შედეგი მოსალოდნელი არ იყო

ის, რომ კონსორციუმს პროექტის განვითარების კუთხით სამუშაოების წარმართვა ეზღუდებოდა, ეს არის საფუძველმოკლებული - არბიტრაჟმა სახელმწიფო ამ პროცესში გამარჯვებულად გამოაცხადა. სხვა შედეგი მოსალოდნელი არ იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს“.

„ცალსახაა, რომ არბიტრაჟმა სახელმწიფო ამ პროცესში გამარჯვებულად გამოაცხადა. სხვა შედეგი მოსალოდნელი არ იყო. წინა პერიოდშიც მქონდა კონსულტაციები ჩვენს იურისტებთან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ეს თვითონ პორტის განვითარების კუთხითაც და რეპუტაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო. სახელმწიფოს პოზიცია იყო აბსოლუტურად მყარი. მაქსიმალური პირობები შეექმნა კონსორციუმს პროექტის განსახორციელებლად. სახელმწიფომ არაერთხელ გადადო ვალდებულების შესრულების ვადა. ამიტომ, ის, რომ კონსორციუმს ეზღუდებოდა პროექტის განვითარების კუთხით სამუშაოების წარმართვა, ეს არის საფუძველმოკლებული. ყველა კითხვას თუ კი რამე იყო, პასუხი გაეცა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ასეთი სპეკულაციები საზოგადოებაში არ იყიდებოდა და მითუმეტეს, ამის შემდეგ ვერ გაიყიდება. თუმცა თუ ვინმეს ექნება მცდელობა ამ თემის გაგრძელების ამ კუთხით ან სხვა ჭრილში, რა თქმა უნდა, ამას ვერანაირად ვერ შევაჩერებთ. თუმცა ერთი რამ როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის ისე, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცხადია, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, თანმიმდევრული და პრინციპული. ის საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.