„ხალხის ძალა“ - საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად იზრდება ბიუჯეტიც, ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ფინანსური შანტაჟით გვაიძულებენ, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავცრელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლებაზე არსებული ზეწოლა კონკრეტულ ქმედებაში აისახა: ჯერ აშშ-ს მთავრობის კონკრეტულმა წარმომადგენელმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო იმავე დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ქართული ჯარისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებას ადგილობრივი რადიკალური NGO-ებისა და ტელევიზიებისკენ მიმართავდა“.

„ჩვენ მაშინ მკაფიოდ და გარკვევით დავარქვით ამ უსამართლო გადაწყვეტილებებს თავისი სახელი - ვიდრე საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელი, უარგუმენტო კრიტიკა ჟღერდება, ომის საფრთხე არსად წასულა და გლობალური ომის პარტიის მხრიდან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი კვლავ დიდია. ვიდრე საქართველოს მიმართ გრძელდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და რაცონალური თვალსაზრისით გაუგებარი ზეწოლა, ჩვენი ქვეყანა კვლავ ომის უდიდესი რისკის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია და სათქმელი მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული, ამ თემას კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერების შესახებ გამოაცხადა, მიზეზად კი დასახელდა, თითქოს, „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან“...

რა თქმა უნდა, ამჯერადაც არაფერი თქმულა, კონკრეტულად რომელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ცრუ განცხადებებზეა ლაპარაკი. ასე მარტივად, ხელაღებით, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე გვაბრალებენ, რომ არასათანადოდ ვიქცევით, მაშინ როცა ერთი ფაქტიც კი არ არსებობს ბუნებაში, რაც ბლინკენის ამ განცხადებას ზურგს გაუმაგრებს. დღემდე, ძირითადად, ჩვენი კრიტიკის დროს გამჭვირვალობის ქართულ კანონს მოიშველიებდნენ მთავარ „არგუმენტად“, მაგრამ ამდენი უსამართლო კრიტიკის გამო იმდენად გაუფასურდა "გამჭვირვალობის" კანონის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება და იმდენად კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ ეს კანონი სწორედ ქართული საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, რომ ამ თემით შანტაჟი აღარავის გამოუვა.

ცალკე საუბრის თემაა აგდებული და ბატონყმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რაც ბატონი ბლინკენის შემთხვევაში პირველი არ არის. წარსულში მან ზუსტად ანალოგიური რამ გააკეთა მოსამართლეების სანქცირების შემთხვევაში, როდესაც ისინი კორუფციაში დაადანაშაულა, სავიზო შეზღუდვები დაადო და შემდეგ ცინიკურად გამოაცხადა, კონკრეტულ ფაქტებს მე არ დავასახელებ, ყველაფერი საჯაროდ არის გაცხადებული და თქვენ თვითონ გამოიძიეთო.

მას შემდეგ დაჟინებით ვითხოვთ, წარმოადგინონ კორუფციის თუნდაც, ერთი ფაქტი, მაგრამ ასეთი რამ ჯერ ვერავინ შეძლო. სწორედ ამ უსამართლო და არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებაა 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერება გაუგებარი მიზეზებით, რადგან ერთია დაგაბრალონ არადემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები, მაგრამ მეორეა ფაქტები, რომელთა გარეშე ეს ყველაფერი უკვე ბოროტ საცირკო წარმოდგენას ემსგავსება. თანაც, გაუგებარია საერთოდ ამ 95 მილიონის მიზნობრიობა და დანიშნულება. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის ფულია, რომლითაც მათ აგენტურას კვებავენ და, ამავდროულად, აქეთ ჩვენ გვამადლიან და „დახმარებად“ გვითვლიან.

ზუსტად იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ბატონი ბლინკენი ამბობს, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები დემოკრატიის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს უწყვეტ პროგრესს ადასტურებენ. 2012 წლიდან მოყოლებული, 30 - 40 პოზიციით არის დაწინაურებული საქართველო რეიტინგებში ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა: სამოქალაქო თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური უფლებების დაცვა, კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, სასამართლოს ეფექტიანობა და სხვა. როდესაც ასეთი მონაცემები გვაქვს ხელთ, რომელსაც ისევ დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ, კიდევ უფრო უსამართლოდ ჩანს ბლინკენის განცხადება, თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

სხვათ აშორის, ამ პროცესებს ერთი დადებითი ეფექტი აქვს - მორიგ ჯერზე ვხედავთ ადგილობრივი უსამშობლო რადიკალების ლუსტრაციას. დააკვირდით, როგორი სიხარულით და აღტაცებით ხვდებიან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას, როგორ უხარიათ ჩვენი სამშობლოსთვის ზიანის მიყენების ყოველი მცდელობა და როგორ ცდილობენ, საქართველოსთვის მავნებლური გადაწყვეტილებებით ისარგებლონ. ასე ხდება დღესაც, როცა გაუგებარი დანიშნულების მქონე 95 მილიონის შეჩერების შესახებ გამოცხადდა და იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც დანიის მთავრობამ, ცხადია აქაც გაურკვეველი მიზეზებით, 71.5 მილიონი დანიური კრონა შეუჩერა საქართველოს. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათ ჯიბის მედიებს ორივე შემთხვევაში სიხარულის ყიჟინა ჰქონდათ გამართული.

სხვათაშორის, დანიური 71.5 მილიონი კრონა დაახლოებით 10.3 მილიონი დოლარია. საბედნიეროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ თითიდან გამოწოვილი უსამართლო მიზეზებით 10 ან, თუნდაც, 95 მილიონის დოლარის შეჩერებით დაგვაშანტაჟონ. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად იზრდება ბიუჯეტიც და ხელისუფლების ეკონომიკური პოზიციებიც საკმაოდ მყარია. ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ფინანსური შანტაჟით გვაიძულებენ, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - როდესაც ევროკავშირმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ადგილობრივ NGO-ებს გაუნაწილა, საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ბიუჯეტს 100 მილიონი დაუმატა, რისი შესაძლებლობაც სწორედ ეკონომიკის ზრდამ მოგვცა. მხოლოდ გასულ ექვს თვეში, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ ციფრებზე მეტად გაიზარდა, რამაც საშუალება მოგვცა, ბიუჯეტი დამატებით 500 მილიონი ლარით შეგვევსო.

გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და არნახულ მასშტაბებს შეიძენს. შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ ისეთ ვა-ბანკზე წავიდნენ, რომ 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერება მათ არაადეკვატურ შემდგომ ნაბიჯებთან შედარებით სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს. მიზეზი მარტივია - გამომდინარე იქედან, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, გლობალური ომის პარტიის სცენარით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება. ხოლო რადგან საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა ხელს არ აწერს, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ყველანაირად შეეცდებიან, ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნონ, რაც ავტომატურად საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად ფრთხილად და გონივრულად ვიმოქმედოთ. ღრმად გვწამს, რომ ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობით შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ უმძიმეს პერიოდს მშვიდობიანად გაივლის“, - ნათქვამია განცხადებაში.