„რთველის ეს ერთჯერადი სუბსიდირება მევენახეების საქმიანობას დიდად ვერ წაადგება,“ - ამის შესახებ მევენახე ლაშა ხიზანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მევენახეობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, რომ იმგვარად შეეწყოს ხელი ახალი ბაზრების ათვისებას, რომ სახელმწიფო სუბსიდირება საჭირო აღარ იყოს.
„ჩემი აზრით, ეს ერთგვარი წამახალისებელი აქციაა, ეს ერთჯერადი სუბსიდირება მევენახეების საქმიანობას დიდად ვერ წაადგება. ალბათ, ყველაზე კარგ ვარიანტში ისე უნდა შეეწყოს ამ ბაზარს ხელი, რომ მას არ სჭირდებოდეს სახელმწიფოსგან სუბსიდირება.
უნდა მოვძებნოთ ღვინის გასაღების მაქსიმალურად მეტი ალტერნატიული ბაზარი და უნდა გაუმჯობესდეს ხარისხის კონტროლი, რადგან ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ის, რომ ღვინის ხარისხიდან გამომდინარე, ვერ ვითვისებთ ბევრ ბაზარს.
მეორე, კარგი იქნება, რომ სწორი ინფორმირება მოხდეს მოსახლეობის, რა რაოდენობის ყურძენი დაიკრიფა წლის განმავლობაში და რა რაოდენობის ღვინის წარმოება მოხდა, რადგან მარტივი ანალიზი შეგვეძლოს, ეს ღვინო ნამდვილად ყურძნისგან არის მიღებული, თუ რაიმე სხვა დანამატების, მაგალითად ბაქმაზისგან,“ - განაცხადა ლაშა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით რთველის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. კახეთში 1 კგ. რქაწითელის ჩაბარების ფასი სუბსიდირების პირობებში არანაკლებ 1 ლარი იქნება, საიდანაც სუბსიდირებული თანხა 20 თეთრი იქნება.
მევენახის თქმით, ეს თანხა ყურძნის თვითღირებულებას ვერ ფარავს, რადგან წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია საწვავისა და სხვადასხვა მომსახურების ფასი.
„საწვავის ფასი გაიზარდა, გაძვირდა მომსახურება ტრანსპორტის მხრივ და ყოველ წელს პროდუქტის თვითღირებულება იზრდება. მეორე პრობლემაც გვაქვს, ბოლო წლების განმავლობაში ახალი დაავადება არის იდენტიფიცირებული, „მზის დამწვრობას“ ეძახიან, როდესაც მარცვალი ფორმირებულია მაშინ ემართება და ყურძნის დიდი პროცენტი ფუჭდება. პრეპარატების პრობლემაა იმ კუთხით, რომ ზუსტად რომელი პრეპარატი მუშაობს არ გვაქვს ინფორმაცია, რომ წინასწარ გავაკეთოთ პროფილაქტიკური წამლობა.
ზოგადად იმისთვის, რომ ყურძნის ხარისხის და პროდუქტულობის გაზრდა მოხდეს, ძალიან კარგი იქნება, რომ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები გაძლიერდეს, მეტი ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ფერმერთან და ადგილზე მისვლით აწარმოებდნენ კონსულტაციებსა და დახმარებას იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესონ ყურძნის ხარისხი და მიიღონ უკეთესი მოსავალი,“ - განაცხადა ლაშა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რთველი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებს ყურძნის ჩამბარებელი კომპანია, რომელიც კახეთის რეგიონში არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ჩაიბარებს. სუბსიდირების რაოდენობა კი ერთ კილოგრამზე 20 თეთრით განისაზღვრა. ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებლები 300 ათას ტონამდეა.