ახალი პროგრამით მეფუტკრე ფერმერებს ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული, მეფუტკრეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ და სახელმწიფოს ჩართულობა სკების შესყიდვის ნაწილში 50%-იანი თანადაფინანსება იქნება.
„ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განკარგულების პროექტი. ეს შეეხება მეფუტკრე ფერმერების მხარდაჭერას. პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ, სკების შესყიდვის ნაწილში, ჩვენ 50%-იან საგრანტო თანადაფინანსებას მოვახდენთ, მათ ექნებათ საშუალება, რომ განაახლონ თავიანთი სკები და ასევე, შეიძინონ 50%-ით მეტი რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც დღეს ჰყავთ. ჩვენ მეფუტკრე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გაზარდონ წარმოება. წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ, რის შედეგად შესაძლებელი გახდა, სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ამას მივაღწიეთ იმ რეფორმებით, ასევე ლაბორატორიის შესაძლებლობის გაძლიერებით, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწილშიც ფერმერებს შევუწყოთ ხელი, რომ მათ შეძლონ თავიანთი სკების განახლება. კოოპერატივების მიმართულებით ჩვენ წლებია უკვე ამ პროგრამას ვახორციელებთ, ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც თაფლს აწარმოებენ. ამ შემთხვევაში ეს შეეხება ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს. მათ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, სკები, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ“ , - განაცხადა ოთარ შამუგიამ.