6 თვეში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 3 ავტომობილი გავიდა - როგორია საშუალო საექსპორტო ფასი?

წელს, იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტომობილების იმპორტი 18.3%-ით, ხოლო ექსპორტი (რეექსპორტი) 9%-ით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2024 წლის 6 თვეში ქვეყანაში 83 296 ერთეული მანქანა (1.246 მლრდ აშშ დოლარი) შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 102 004 (1.552 მლრდ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, წელს, იანვარ-ივნისში 46 376 ავტომობილი გავიდა (933.934 მლნ აშშ დოლარი), შარშან იგივე პერიოდში - 51 011 ერთეული (990.864 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, წელს 6 თვეში იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია აშშ, რომელზეც მთლიანი იმპორტის 71.4% მოდის, კერძოდ, 59 453 ავტომობილი (706.729 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა იაპონია 15.5%-ით (12 918 ერთეული - 193.007 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე გერმანია 4%-ით (3 346 მანქანა - 180.117 მლნ აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი ყაზახეთში გავიდა, აღნიშნულ ქვეყანაზე მთლიანი ექსპორტის 50% მოდის (23 145 ერთეული - 304.309 მლნ აშშ დოლარი), შემდეგია ყირგიზეთი 25%-ით (11 681 მანქანა – 414.598 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი 13,6%-ით (6335 მანქანა – 120.695 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში რუსეთში მხოლოდ 3 ავტომობილი (21.08 ათასი აშშ დოლარი) გავიდა, რაც 99.9%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ, შარშან იანვარ-ივნისში 3 786 მანქანის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად 52.513 მლნ აშშ დოლარს უდრიდა.

სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გამოდის, წელს რუსეთში გასული 1 ავტომობილის ღირებულება საშუალოდ, 7000 აშშ დოლარი იყო, შარშან საშუალოდ, 13,8 ათასი აშშ დოლარი. თუმცა, მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, თითოეული შესაძლოა უფრო ნაკლები, ან მეტიც დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.

ნინი ქეთელაური