„ქართულმა ოცნებამ“ აპრილ-ივნისში Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებში  $106 ათასზე მეტი დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების Meta-ს პლატფორმების გვერდებზე 2024 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 163-166 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა.

მათ შორის, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯული თანხის წილმა ყველა პოლიტიკური სუბიექტის დანახარჯების დაახლოებით 2/3 შეადგინა.

წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა სახელისუფლებო პარტიისა და მის ცალკეულ წარმომადგენელთა გვერდების სარეკლამო დანახარჯები, რამაც აპრილი-ივნისის პერიოდში 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამასთან ერთად, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც (33 211 აშშ დოლარი). ამ თანხის 82% პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა.

მოცემული ორი პარტიისგან განსხვავებით, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 7 084 აშშ დოლარამდე, შემცირდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდების სარეკლამო დანახარჯი.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი, რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიისთვის, ჯამურად, 20 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯეს.

reklamis-xarjebi-1722519925.png

ნათია ზარიძე