Boeing თავის თვითმფრინავებში სამგზავრო ადგილების რაოდენობას გაზრდის

თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Boeing 2043 წლისთვის თავის თვითმფრინავებში სამგზავრო ადგილების საშუალო რაოდენობას 190-მდე გაზრდის, მაშინ, როცა 2023 წლის მდგომარეობით, ეს რაოდენობა 169-ს, ხოლო 2003 წელს მხოლოდ 138-ს შეადგენდა.

ინფორმაციას Bild კომპანიის უახლეს პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მომდევნო 20 წელს ეხება.

Boeing-ის მენეჯერი, დარენ ჰალსტი განმარტავს, რომ თვითმფრინავებში სამგზავრო ადგილების დამატება, როგორც წესი, სავარძლების შევიწროვებით, ასევე, ტუალეტებისა და საბორტე სამზარეულოს გადაკეთებით ხდება. ეს ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, თვითმფრინავში სივრცე მაქსიმალურად გამოიყენონ და ამით მეტი ფული გამოიმუშაონ. თუმცა მგზავრებს შემჭიდროვება უწევთ და თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

ჰალსტი თვალსაჩინო მაგალითად ირლანდიურ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, Boeing 737 MAX 8-200-ს ასახელებს, რომელიც თავის მაქსიმალურ, ანუ 197-მგზავრიან ტევადობას უკვე იყენებს. მისი თქმით, ეს „შემჭიდროების“ იდეალური მაგალითია, რადგან ასეთი თვითმფრინავი არ აღემატება ჩვეულებრივ Boeing Max 8-ს, მაგრამ ავიაკომპანიისთვის მეტი შემოსავალი მოაქვს.

დარენ ჰალსტი ვარაუდობს, რომ საავიაციო ბაზარზე Boeing-ის, Airbus-ისა თუ სხვა ავიაკომპანიების მხრიდან ასეთი ე.წ. შემჭიდროებული თვითმფრინავები მომრავლდება. ეს ტენდენცია, განსაკუთრებით, ევროპის ორსაათიან ან ნაკლებ რეისებზე უკვე შესამჩნევია.

თუმცა ჰალსტი, ასევე, პროგნოზირებს, რომ მჭიდრო სავარძლების ტენდენცია სამუდამოდ არ გაგრძელდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ავიაკომპანიები “შემჭიდროების” რესურსს ამოწურავენ, ბაზარზე უფრო დიდი თვითმფრინავები გამოჩნდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ