"შარშანდელი წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით რეკორდული იყო და იგივე შედეგები წელს ალბათ ვეღარ იქნება"

შარშანდელი წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით იყო რეკორდული და უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე შედეგები წელს ალბათ ვეღარ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.

დანელია შარშანდელთან შედარებით საგარეო ვაჭრობის შემცირების საკითხზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა და აღნიშნულის მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავარი პარტნიორი აღარ არის. "მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო უკრაინა, რომელმაც სამწუხაროდ, გადაინაცვლა მეექვსე ადგილზე. მაშინ, როცა პირველ კვარტალში ჰქონდა ჯერ კიდევ მესამე ადგილი. ეს არის საგარეო ვაჭრობის შემცირების პირველი მიზეზი. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს კარგი ზრდა ჩინეთის, პოლონეთის, იაპონიის და ბალტიისპირეთის ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ფიქსირდება კლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შარშანდელი წელი იყო რეკორდული და იგივე შედეგები წელს ალბათ, ვეღარ იქნება მიღწეული", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა.