კიბოს ზოგიერთი სახეობა 1981-დან 1996 წლამდე დაბადებულ ე.წ. მილენიალებსა და 1965-დან 1980 წლამდე დაბადებულ X-თაობას უფრო მეტად უვითარდება, ვიდრე 1946-დან 1964 წლამდე დაბადებულ ე.წ. ბეიბი ბუმერებს.
ამის შესახებ აშშ-ის ონკოლოგიური საზოგადოების მეცნიერთა კვლევაში წერია, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet Public Health-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
მკვლევარებმა 23,5 მილიონზე მეტი პაციენტის მონაცემები გააანალიზეს, რომლებსაც 2000-დან 2019 წლამდე 34 ტიპის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მეცნიერებმა, ასევე, სიკვდილიანობის მონაცემები შეისწავლეს, რაც აშშ-ში 25-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანებში 25 ტიპის კიბოსგან დამდგარ 7 მილიონ შემთხვევას მოიცავდა. ამდენად, მეცნიერთა აზრით, კიბოს 34 ყველაზე გავრცელებული სახეობიდან 17-ის სიხშირე ახალგაზრდა თაობებში იზრდება.
ახალგაზრდებისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონე დაავადებებს შორის თირკმელების, პანკრეასისა და წვრილი ნაწლავის კიბოა. მათი სიხშირე მილენიალებს შორის, ბეიბი-ბუმერებთან შედარებით, ორ-სამჯერ უფრო მაღალია. ასევე, მილენიალი ქალები, უფროს თაობასთან შედარებით, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარის კიბოს უფრო მაღალი რისკის მატარებელი არიან. მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ახალგაზრდებში ნაღვლის ბუშტის კიბოს, კოლორექტალური კიბოს, სათესლე ჯირკვლისა და საშვილოსნოს კიბოს, ასევე, ღვიძლის კიბოსგან დამდგარი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.
კვლევის ავტორები წერენ, რომ თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდამ შესაძლოა, „შეაჩეროს ან თუნდაც შემოაბრუნოს“ ის პროგრესი, რასაც ექიმებმა დაავადების მკურნალობაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიაღწიეს.
ექსპერტების აზრით, ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევების ზრდა შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეს არის სიმსუქნის გავრცელება, ცხიმებით მდიდარი საკვების არაჯანსაღი მიღებით გამოწვეული მიკრობიომის ცვლილებები, წითელი ხორცისა და ულტრადამუშავებული პროდუქტების მიღება, ცუდი ძილი, უმოძრაო ცხოვრების წესი და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებიების ზემოქმედება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ