1-ლი აგვისტოდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა. ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.
როგორც იურისტმა, საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „იუსტიციის სამინისტროს უჩნდება უფლება, ორგანიზაცია რეესტრში ძალით დაარეგისტრიროს“.
გადაცემაში მან ასევე ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ მოხდება კომპანიების მათი ნების საწინააღმდეგოდ რეგისტრირება, რა მოცულობის იქნება ჯარიმა ან რამდენჯერ და რა შემთხვევაში ითვალისწინებს კანონი კომპანიებისთვის ფინანსური სანქციის დაწესებას.
„ბევრმა ორგანიზაციამ წინასწავე განაცხადა, რომ არ დარეგისტრირდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. ასეთ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს უჩნდება უფლება, რომ დააჯარიმოს ისინი 25 000 ლარის ოდენობით. ასევე უწყებას აქვს უფლება, რომ ძალით დაარეგისტრიროს ორგანიზაცია რეესტრში და ეს შემდეგნაირად მოხდება: მოითხოვს ყველა შესაბამისი ინსტიტუციიდან ან ორგანიზაციიდან ფინანსურ ინფორმაციას. მაგალითად ბანკიდან, შემოსავლების სამსახურიდან და ა.შ. და შემდეგ კომპანიების ნების საწინააღმდეგოდ მოხდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მათი ძალით დარეგისტრირება.
რაც შეეხება ჯარიმის - 25 000 ლარის გადახდას, ამის მერე ორგანიზაციას უჩნდება მეორე ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ფინანსური დეკლარაციის წარდგენას, მაშინ, როცა ჯარიმა სწორედ ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის გამო იწერება. მაგრამ აქაც არ მთავრდება ყველაფერი, შემდეგ მოდის 10 000-ლარიანი ჯარიმა. თუ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაცია კვლავ არ მოხდება, ჯარიმა იქნება 20 000 ლარი და ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, სანამ სიტუაცია არ „გამოსწორდება,“ - განაცხადა იურისტმა.