ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიროების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 30 წამყვან ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა. ანგარიში AAWE-ის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან 259 მლნ დოლარის ღვინო არის ექსპორტირებული, რითიც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს უსწრებს, ხოლო რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიიდან ტოპ 30-ის სიაში ერთადერთია.
კერძოდ, საქართველოს მოსდევს ლიეტუვა (მე-20) და ლატვია (21-ე), რომელთაგან პირველმა 247 მლნ დოლარის, მეორემ კი 172 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. ამასთან, 23-ე ადგილზეა კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მოლდოვა, რომლის ექსპორტმაც 137 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს AAWE-ის 2022 წლის რეიტინგშიც მე-19 ადგილი ეკავა, თუმცა ღვინის ექსპორტის შედარებით დაბალი ღირებულებით, რომელიც მაშინ 252.55 მლნ დოლარს შეადგენდა. ამდენად, ერთ წელიწადში ქვეყანამ ექპორტის ღირებულება 6.45 მლნ დოლარით გაზარდა.
ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ტოპ 10-ეულის შემადგენლობა არა, თუმცა პოზიციები შეიცვალა. კერძოდ, ავსტრალია მეექვსედან მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და აშშ ჩაანაცვლა, რომელიც 2 პოზიციით, მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამასთან, ახალი ზელანდია 2022 წლის მეშვიდე პოზიციიდან 2023 წელს მეექვსე ადგილზე დაწინაურდა.
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ