„მოსაზრებას, რომ ტურიზმში ყველაფერი კარგად არის, არც მე და არც კერძო სექტორი არ ვეთანხმებით,“ - ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
ტურიზმის 2024 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, ხელისუფლება კმაყოფილია. მათი განცხადებით, გამართლდა მათი მოლოდინები, წლის პურველ ნახევარში ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც 10%-იანი ზრდაა შარშანდელთან შედარებით.
„ბაზრის დეტალური სეგმენტაცია რომ მომხდარიყო, უფრო კონკრეტულად გვეცოდინებოდა ყველაფერი და თვითკმაყოფილ როლში ყოფნაც არ იქნებოდა საჭირო. იმას, რომ ტურიზმში ყველაფერი კარგად არის, არც მე და არც კერძო სექტორი არ ვეთანხმებით. საჭიროა იმის გარკვევა, რამდენი ადამიანი რომელი საზღვრიდან, რომელი ქვეყნიდან და რა მიზნით შემოვიდა. სანამ ასეთი ანალიტიკა არ გაკეთდება, მე ვფიქრობ, ზედმეტია იმის ლაპარაკი, რომ ყველაფერი კარგად არის, ზრდა არის და ა.შ.“ - განაცხადა თაბაგარმა.
ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენი სექტორი ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. არცერთი მათგანისგან არ გამიგია შეხვედრაზე, რომ არსებული სიტუაციით კმაყოფილია. მსხვილი ჯავშნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უკვე უნდა არსებობდეს. ჩემს მაგალითზეც გეტყვით, მე ვფლობ პატარა სასტუმროს და იმის გათვალისწინებით, რომ 20 წელზე მეტია ტურიზმსა და მარკეტინგში ვარ და ის, რომ ეს სასტუმრო მუშაობს, არანაირად არ აისახება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე,“ - განაცხადა მან.