შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ საქართველოში პირველი ავტორიზებული „ფორსაითის ლარის ფონდი“ დააფუძნა. ფონდში როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს ეროვნულ ვალუტაში მოკლევადიანი შენატანების განხორციელება შეუძლია.
დავინტერესდით, რას სთავაზობს ფონდი მომხმარებლებს, როგორია წლიური საპროცენტო სარგებელი და არსებობს თუ არა რისკები. ამ თემებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვებს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, რატი მორჩილაძემ უპასუხა.
რა არის „ფორსაითის ლარის ფონდი“ და ვის შეუძლია სარგებლობა
ფორსაითის ლარის ფონდი წარმოადგენს მოკლევადიანი ფულადი სახსრების განთავსების შესაძლებლობას - როგორც მორჩილაძე აღნიშნავს, „ეს არის საბანკო მიმდინარე ანგარიშის ალტერნატივა“. ლარის ფონდში თანხის დაბანდება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
„ვთქვათ, ფიზიკურ პირს ან კომპანიას აქვს ფულადი სახსრები ლარში და ერთ-ორ დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში და ა.შ არ სჭირდება ეს ფული ან შეიძლება როდის დასჭირდება არ იცის - ამ შემთხვევაში ბანკები ძირითადად არ იხდიან კარგ განაკვეთს, ბანკებში ვადიან დეპოზიტს თუ მივიტანთ და ჩავკეტავთ ამ ფულს 3-6 თვე ან ერთი წელი, რა თქმა უნდა, არის დიდი განაკვეთი, მაგრამ მოკლევადიან და გაურკვეველ ვადიან ფულად სახსრებზე ბანკები არ იხდიან კარგ განაკვეთს. ჩვენ გავაკეთეთ პროდუქტი, რომლის საშუალებითაც, ადამიანებს და კომპანიებს შეუძლიათ მოკლევადიან და გაურკვეველვადიან ფულად სახსრებზე მიიღონ მაღალი სარგებელი და თან ისე, რომ ამ თანხაზე მუდმივი წვდომა ჰქონდეთ“, - განმარტა რატი მორჩილაძემ.
რა პირობებით ხორციელდება თანხის შეტანა/გამოტანა
მინიმალური შენატანი 100 ლარით განისაზღვრა. პირს ფონდში თანხის შეტანა და გამოტანა 0%-იანი საკომისიოს პირობებში ნებისმიერ დროს შეუძლია. მორჩილაძის თქმით, წლიური საპროცენტო სარგებელი 8-8.5%-ის ფარგლებში მერყეობს. მომხმარებელი სარგებელს ყოველდღიურ ნაშთზე იღებს.
„უფასო არის თანხის შემოტანაც და გატანაც, მთელი არსი პროდუქტის ის არის, რომ როცა გინდა შემოიტანო თანხა და როცა გინდა გაიტანო. მაქსიმუმ ერთ დღეში გერიცხებათ თანხა საბანკო ანგარიშზე. ეს ყველაფერი ხდება სრულად ციფრულად. ჩვენ ვადიან ფულს არ ვიღებთ,“ - ამბობს რატი მორჩილაძე.
არსებობს თუ არა რისკები
მორჩილაძის განმარტებით, მომხმარებლის მიერ ფონდში შეტანილი თანხები საბანკო არხებს არ ტოვებს. კერძოდ, თანხა მიემართება საბანკო დეპოზიტებში. საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. ამასთან, სებ-ის მიერ დანიშნულია კომერციული ლიცენზირებული ბანკი სპეციალიზებული დეპოზიტარის სახით, ამ შემთხვევაში „ხალიკ ბანკი საქართველო“.
„მხოლოდ და მხოლოდ ბანკის დეპოზიტებზე მიდის ეს თანხები. „ხალიკ ბანკი საქართველოს“ მონიტორინგის გარეშე ფონდიდან ვერც ერთი ტრანზაქცია ვერ ხორციელდება. მოქალაქე რომ ფულს შემოიტანს ფონდში, მე ამ ფულს ვერ გადავრიცხავ „ხალიკ ბანკი საქართველოს“ თანხმობის გარეშე, ის ამოწმებს, რომ ეს გადარიცხვა შეესაბამება კანონს, საინვესტიციო პოლიტიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციებს. ეს არის კონტროლის დამატებითი შრე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს ფული ვერ მიემართოს ვერსად, გარდა საბანკო დეპოზიტებისა“, - განმარტავს მორჩილაძე.
ცნობისთვის, საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. „ფორსაითის ლარის ფონდის“ საქმიანობა 2020 წლის 22 ივლისის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. ის უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზება განახორციელოს, რაც ნიშნავს, რომ ფონდში ინვესტირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.