„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერების საკითხზე და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელ პოლიტიკაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-მა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე პასუხი დააგვიანა და საქართველოს მთავრობისთვის დახმარება დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა.
„აშშ-ის მთავრობის მხრიდან ეს არის პასუხი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ვფიქრობ, დაგვიანებულიც არის. ეს მაშინვე უნდა მომხდარიყო. აშშ-ის სახელმწიფომ ცხადი უნდა გახადოს იმ ადამიანების ვინაობა, ვისზეც ვრცელდება სანქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება როგორც სანქციების არარსებობა. ქართული მთავრობის მხრიდან აშშ-ის მიმართ გაკეთდა სრულიად გაუგონარი განცხადებები.
მათ დააბრალეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის 2 მცდელობა, ასევე თითქოს აშშ-ში გავლენა აქვს გლობალური ომის პარტიას და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და არა მაგალითად, ბლინკენი ან ბაიდენი. ამის პარალელურად, ვითომდა დაბალანსების მიზნით, პარტნიორობას ამყარებენ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და რუსეთი. ეს ქვეყნები კი პოლიტიკურ ომში არიან ამერიკასთან“,- განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მისი პოზიციით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში დონალდ ტრამპს ბევრად უფრო მკაცრი პოლიტიკა ექნება როგორც ევროპის, ისე საქართველოს მიმართ, რადგან ის აშშ-ის ინტერესების დაზიანებას არ დაუშვებს.
„ტრამპი რომ იყო ჩასული გერმანიაში, მან ანგელა მერკელს უთხრა და ეს ჩანაწერებით არსებობს, რომ თუ ამერიკასთან მეგობრობა გინდა და გინდათ ამერიკამ დაგიცვათ, რატომ ყიდულობთ რუსეთისგან გაზს და რატომ არ იხდით ეროვნული შემოსავლის 2%-ს ნატოს ყულაბაში. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ თუ ამერიკასთან უნდათ მეგობრობა, რატომ უმართავთ ხელს რუსეთს, რომელიც ჩემი პოლიტიკური მტერიაო. ეს არის ზოგადად ამერიკის პოლიტიკა ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ასეთ სისულელეებს აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიამ რადიკალურად შეცვალა პოზიცია და უარი თქვა რუსულ ნავთობსა და გაზზე, აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდაჭერაში და როგორც ვიცი, ნატოში კონტრიბუციაც გაზარდეს. ამით გერმანიამ გამოასწორა შეცდომები.
ტრამპი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენი. ბაიდენი ავადმყოფი ადამიანია, რომელიც ადეკვატურად ვერ რეაგირებს ბევრ გამოწვევაზე. ტრამპმა გარკვევით თქვა, რომ მისი ამოცანაა დაასრულოს ომი უკრაინის სასარგებლოდ, ის მიხედავს პროცესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამერიკის ინტერესების საზარალოდ. ქართულ მთავრობას რა ჰგონია, რომ ტრამპი თავზე ხელს გადაუსვამს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მეგობრობისთვის? ასეთი სისულელე თავში როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს.
ტრამპი იქნება სწორედაც უფრო ხელმომჭირნე და სისულელეებზე ფულს არ დახარჯავს. ის ამბობდა, სწორედაც რომ, ფული არ უნდა დაიხარჯოს იქ, სადაც ამერიკის ინტერესები არ იკვეთება. ტრამპი გერმანიას ეუბნებოდა, გაინძერი, ფული დადე და რუსეთი ევროპიდან მოაშორეო და საქართველოს ეტყვის, გყავდეს ეგენი მეგობრად და არა უშავსო? ამის დაჯერება როგორ შეიძლება“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.