ყაზახეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრომ 2023 წელს ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ქვეყანამ 9,2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.
ყველაზე დიდი ზრდა ქვეყანაში ჩამსული ტურისტების რიცხვში დაფიქსირდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.
ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობებს შორის გაფორმებული უვიზო შეთანხმების წყალობით, ქვეყანაში ჩასული ჩინელი ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2022 წელს ყაზახეთს ჩინეთის თითქმის 18 ათასი მოქალაქე ეწვია, გასულ წელს ამ რიცხვმა 370 ათასს მიაღწია. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობამ კვირაში 44 რეისი შეადგინა.
გასულ წელს ყაზახეთს ინდოეთიდან 78 ათასი ადამიანი ეწვია, გერმანელი ტურისტების ინტერესიც ქვეყნის მიმართ გაიზარდა. ამ პერიოდში ყაზახეთში გერმანიის 85 ათასი მოქალაქე ჩავიდა. ინდოეთსა და გერმანიას მოსდევს სამხრეთ კორეა 36 600 ადამიანით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 10 500 ტურისტით.
ყაზახეთის ყველაზე ხშირი სტუმრები უზბეკეთის მოქალაქეები არიან. 2023 წელს ქვეყანას უზბეკეთიდან 3,6 მილიონი ადამიანი ეწვია, 2 მილიონი - რუსეთიდან, 1,6 მილიონი - ყირგიზეთიდან და 700 000 - ტაჯიკეთიდან.