„ახლახან დავბრუნდი ხევსურეთიდან და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ხევსურეთში 30-50 უცხოელი ტურისტი დავთვალეთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“ - როგორც ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა, ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, იმისათვის, რომ ამ ადგილიდან ტურიზმმა ეკონომიკაში რამე წვლილი შეიტანოს, დაახლოებით 300-400 ტურისტია საჭირო.
„ხევსურეთი დაცლილია ადამიანებისგან, ინფრასტრუქტურა საშუალოზე დაბალია, სხვა რეგიონებთან შედარებით, მიტოვებულია ეს მხარე, არავინ აღარ დებს ინვესტიციებს. არის სოფლები, მაგალითად ხახაბო, სადაც გზა ჯერ კიდევ არ არის, დენის პრობლემაა ხშირად შატილში. სამედიცინო პუნქტიც კი არ არსებობს იქ. მე ვნახე ექიმი, რომელსაც კაბინეტიც კი არ გააჩნია და შიშველი ხელებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია.
შატილის ციხე არის ერთი დიდი სევდა, არ შეიძლება ის ასეთი მიტოვებული იყოს. ეს უნდა იყოს მუზეუმ-ქალაქი. მას სჭირდება თავისი კონცეფცია, რომლითაც ის ტურისტებს მიიზიდავდა,“ - განაცხადა ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა.
ია თაბაგარმა დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი ვაშლოვანში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
„დაცული ტერიტორიები რომ ავიღოთ, მაგალითად, ვაშლოვანი, რომელიც არის ძალიან კარგი ბმა აღმოსავლეთ მთიანეთსა და უდაბნოს შორის, სადაც ტურისტები შესაძლოა, ოქტომბრიდან მაისამდე დადიოდეს, იმდენად რთული და შეურაცხმყოფელია ნებართვების აღება, რომ არ შეეფერება ეს ჩვენნაირ ქვეყანას. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, რომ ვაშლოვანში სასმელი წყალი არ არის და აუცილებელია თან წაღება იქ წასვლის შემთხვევაში, არანაირი გამაფრთხილებელი საშუალება არ არსებობს. ვინმე შეიძლება გადაყვეს ამ ამბავს, მაგრამ არავის აინტერესებს. არ არსებობს საინფორმაციო დაფები, ნორმალური სველი წერტილები. ამ პირობებში კი ბუნებრივია, რომ ცარიელია ეს ადგილები, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ,“ - განაცხადა თაბაგარმა.