წინა წლებთან შედარებით, დაფნაზე მოთხოვნა გაათმაგდა. მომავალ წლებში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა დავით კუტალიამ განაცხადა.
კუტალიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარტის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე დაფნის მოსავლის აღება არ უნდა განხორციელდეს, რადგან მცენარე აქტიური ზრდის პერიოდშია. მიუხედავად ამისა, კომპანიების ნაწილი ვეგეტაციის პერიოდში დაფნას ჭრის. ასოციაციის დირექტორის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე ზრდას ვერ ასწრებს, შესაძლოა, წელს მოსავლიანობა შემცირდეს.
„5000-5500 ტონა მოდიოდა, მაგრამ წელს ვერ დაგპირდებით, რომ ამდენი იქნება, რადგან ვეგეტაციის პერიოდში დაფნას ჭრიან და ანადგურებენ, ბუნებრივია, რომ იმ მაჩვენებელზე რაც დაგისახელეთ, ვერ მივა,“ - ამბობს დავით კუტალია.
მანვე აღნიშნა, რომ დაიწყეს დაფნის სხვადასხვა კუთხეში მოძიება. კუტალიას თქმით, მაგალითად დაფნის გადმოტანა ხდება ოკუპირებული აფხაზეთიდან. ადგილობრივების ნაწილი აფხაზეთში ჭრის დაფნას, გადმოაქვს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ხდება მისი ჩაბარება.
„შარშან და შარშან წინ არ იყო ამდენი მოთხოვნა დაფნაზე, წელს, ალბათ, მომავალ წელსაც მეტი იქნება, რადგან შემოსულები არიან ჩინელები. ხალხმა დაიწყო მოძიება დაფნის სხვა კუთხეებიდან, მაგალითად, აფხაზეთიდანაც გადმოდის დაფნა. იქაური მაცხოვრებლები ჭრიან და გადმოაქვთ, არ ვიცი ამას როგორ ახერხებენ. ჩვენ უკვე აფხაზეთიდან გადმოსულ დაფნას ვამუშავებთ“, - განმაცხადა დავით კუტალიამ.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქართული დაფნის ექსპორტი წლიურად 3-ჯერ გაიზარდა. შარშან საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8 მლნ დოლარის დაფნა, წელს ექვს თვეში კი 24.7 მილიონი დოლარის ღირებულების. გასულ წელს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო, წელს კი ჩინეთი გახდა. კერძოდ, წელს ჩინეთის წილი დაფნის ექსპორტში 80%-ს აჭარბებდა.