ბელგიური სარკინიგზო ოპერატორი, SNCB ყველა საქალაქთაშორისო მატარებელზე ე.წ. მშვიდი ვაგონების შემოღებას გეგმავს. ინფორმაციას „ევროპულსი” ავრცელებს.
კერძოდ, მგზავრები, რომლებიც ბილეთს „მშვიდი ვაგონისთვის” შეიძენენ, უნდა სცადონ, რომ მობილური ტელეფონით არ დარეკონ და არც ზარები მიიღონ, ასევე, ყურსასმენების ხმას ისე ჩაუწიონ, რომ სხვებმა მასში მუსიკის ხმა ვერ გაიგონ, მობილური ტელეფონები ჩუმ რეჟიმზე დააყენონ და მშვიდად ისაუბრონ.
„მშვიდი ვაგონები” ბრიუსელი-ლუქსემბურგის, ასევე, ეიპენი-ოსტენდის რეისის მატარებლებზე უკვე დატესტეს, რამაც, SNCB-ის განცხადებით, წარმატებით ჩაიარა.
ამასთან, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ათიდან შვიდი ბელგიელი მგზავრი მატარებლებში მშვიდი ზონების იდეას ემხრობა, ხოლო ათიდან სამი მგზავრი აცხადებს, რომ მშვიდი ზონების არსებობის შემთხვევაში მატარებლის ბილეთს უფრო ხშირად შეიძენდა.
ცნობისთვის: „მშვიდი ვაგონები“ ევროპის სხვა ქვეყნების, მათ შორის, ავსტრიის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ზოგიერთ მატარებელზე უკვე გამოჩნდა.
მასალა მოამზადა ლადო სულაბერიძემ