პირველი ევროპაში - მარსელში გაიხსნა რესტორანი, რომელიც ელექტროენერგიასა და გაზს არ იყენებს

მარსელში (საფრანგეთი) ევროპის მასშტაბით პირველი რესტორანი გაიხსნა, სადაც კერძებს ელექტროენერგიის, გაზის ან შეშის გარეშე ამზადებენ და მთელი წარმოება მზის ენერგიით არის უზრუნველყოფილი.

ინფორმაციას „ევროპულსი” ავრცელებს. რესტორნის ღუმელები დიდი პარაბოლური თეფშის საშუალებით მუშაობენ, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და აკონცენტრირებს. შედეგად, ღუმელის ზედაპირი 400 გრადუს ცელსიუსამდე ხურდება.

ამდენად, რესტორანი ჯერ მხოლოდ მზიან საათებში, კერძოდ, 11:30-დან 14:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობს. თუმცა, სამომავლოდ მფლობელები მის ტერიტორიაზე ბიოგაზის მოწყობილობის დამონტაჟებას გეგმავენ, რომელიც დაწესებულების ორგანულ ნარჩენებს გაზად გადააქცევს. ეს მზარეულებს საშუალებას მისცემს, მოღრუბლულ დღეებში და მზის ჩასვლის შემდეგაც იმუშაონ.

ამასთან, რესტორანი კლიენტებისთვის საკუთარი მწვანილითა და ბოსტნეულით გამასპინძლების მიზნით ბოსტანსაც გააშენებს.

ცნობისთვის: ევროკავშირის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის წევრმა-ქვეყნებმა ენერგიის მთლიანი მოხმარების, მინიმუმ, 42,5% განახლებადი წყაროებიდან უნდა მიიღონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ