მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის დაევალა.
„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალოს ქუთაისში მდებარე ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის.
სააგენტომ 2024-25 წლებში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებული ჰაბის გახსნისთვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა”, - აღნიშნულია განკარგულებაში.
რაც შეეხება ღირებულებას, განკარგულებიდან ირკვევა, რომ ჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი უნდა გამოყოს ჰაბის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებებისთვის.