ბიტკოინის ფასი ერთ დღეში 10%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი მოულოდნელად დაეცა. რამდენიმე კვირის წინანდელი მონაცემებით, ფასი 67 000 დოლარს შეადგენდა, თუმცა ამ წუთისთვის ის 52 511 დოლარს შეადგენს. ჯერ კიდევ გუშინ ციფრული ვალუტა 58 000 ღირდა, თუმცა რას უკავშირდება ერთ დღეში მისი ღირებულების თითქმის 10%-იანი ვარდნა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც მანამდე კრიპტოვალუტას აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ ქვეყანას კრიპტოვალუტის გლობალურ ლიდერად გადააქცევს და სექტორისთვის უფრო რბილ რეგულაციებს შემოიღებს.

ამის შესახებ მან კონფერენცია Bitcoin 2024-ზე განაცხადა.

“თუ ჩვენ კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის ტექნოლოგიას არ მივიღებთ, ამას ჩინეთი და სხვა ქვეყნები გააკეთებენ. ისინი დომინანტები გახდებიან, ჩვენ კი ჩინეთის დომინირებას არ დავუშვებთ. მათ ძალიან დიდ პროგრესს ისედაც მიაღწიეს,” - ამბობდა ტრამპი.

ის კონკრეტული შეთავაზებით გამოვიდა და კრიპტოვალუტის, ასევე, ბიტკოინის ეროვნული „მარაგის“ საკითხებზე მომუშავე საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოს შექმნა დააანონსა.

„არასდროს გაყიდოთ თქვენი ბიტკოინი. არჩევის შემთხვევაში ჩემი ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება ის, რომ აშშ-ის მთავრობის მფლობელობაში ან მომავალში შეძენილი ბიტკოინების 100% შენარჩუნებულ იქნეს,” - განაცხადა ტრამპმა.

რა გახდა კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ეკა დარჩიაშვილი