Neuralink-მა ჩიპი მეორე პაციენტს წარმატებით ჩაუნერგა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.
„არ მსურს დათარსვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე იმპლანტზეც ყველაფერი კარგად მიდის. იქ კარგი სიგნალი და ბევრი ელექტროდია,“ - ამბობს მასკი.
მისი თქმით, წელს კომპანია ჩიპების ჩანერგვას 10 პაციენტში გეგმავს. ოპერაციის ჩატარების შესახებ მილიარდერი დეტალებს არ ასაჯაროებს.
ივნისში ერთმა პაციენტმა, რომლისთვისაც Neuralink-ის მეორე ჩიპი უნდა ჩაენერგათ, სამედიცინო მიზეზების გამო ოპერაციაზე უარი თქვა და ის გადაიდო. Neuralink-ში მაშინ აცხადებდნენ, რომ დამბლის მქონე ადამიანებში კიდურების ფუნქციის აღსადგენად ზურგის ტვინში ელექტროდების ჩანერგვაზე მუშაობდნენ, რაც შესაძლოა, ზურგის ტვინის დაზიანების „პოტენციური გამოსავალი“ გახდეს. Neuralink-ის მთავარი ქირურგი, მეთიუ მაკდუგალი წერდა, რომ კომპანიამ ამ მხრივ “უზარმაზარ პროგრესს” მიაღწია. კერძოდ, იმპლანტი ცხოველებზე ანესთეზიის ქვეშ გამოსცადა და პროცედურის დროს მათი ფეხების ამოძრავება ისე შეძლო, “თითქოს ისინი დადიოდნენ.”
ამასთან, მარტში ილონ მასკმა სტარტაპ Neuralink-ისგან ტვინის ახალი იმპლანტი, Blindsight დააანონსა, რომელიც უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს. მილიარდერი წერდა, რომ Blindsight-ის იმპლანტის მაიმუნებში შესწავლა უკვე მიმდინარეობს და მოწყობილობის შედეგად სერიოზულად არცერთი ცხოველი არ დაშავებულა.
ცნობისთვის: პირველ პაციენტს ნეიროჩიპი Neuralink-მა იანვარში ჩაუნერგა, რომელიც გონებით ელექტრონული მოწყობილობების კონტროლის საშუალებას იძლევა. ცოტა ხანში კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პაციენტი ტვინში ჩანერგილი ნეიროჩიპის საშუალებით ლეპტოპზე ჭადრაკს თამაშობდა და მასზე კურსორს აზროვნების ძალით გადააადგილებდა. პაციენტი, ნოლან არბო, დაახლოებით, რვა წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მხრებსქვემოთ პარალიზებული იყო. ის აცხადებს, რომ ჩიპის იმპლანტაციის ოპერაციამ “სუპერმარტივად” ჩაიარა და მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან. ამასთან, მას არც რაიმე კოგნიტური დაქვეითება არ აღენიშნება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ