ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისთვის კომპანია წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა - პირობები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ათასი კუბური მეტრის ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მიეცა.

ლიცენზიისაგან გათავისუფლებულ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შემდეგი ვალდებულებები განესაზღვრა:

  • უზრუნველყოს „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ განკარგულებით განსაზღვრული მიზნებისთვის;
  • განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ბიუჯეტში უზრუნველყოს 121 739 ლარის გადახდა;
  • წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტომ“;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში კომპანიამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ოდენობის შესახებ.

შეგახსენებთ, პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება.

მერი ტაბატაძე