აშშ-ის ეკონომიკის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე გლობალური აქციების გაყიდვები იზრდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბაზრები ფსონებს სულ უფრო მეტად დებენ იმაზე, რომ ცენტრალური ბანკები განაკვეთებს შეამცირებენ.
კერძოდ, ორშაბათის დილა იაპონიის საფონდო ბირჟის დაცემითა და აზიაში ვაჭრობაზე მსოფლიო კოტირების რეაქციით დაიწყო. აშშ-ის აქციების ფიუჩერსები ეცემა, ხოლო აზიაში ავტომატური გათიშვები ჩაირთო. მათ ევროპული აქციები მოჰყვა და Stoxx 600-ის ინდექსი 2%-ით დაეცა.
Goldman Sachs-ის შეფასებით, აშშ-ის სუსტი მონაცემების მიუხედავად, ბაზარი “გარკვეული დონის ჯანსაღ კორექტირებას” აჩვენებს.
გერმანულ ბირჟა Tradegate-ზე აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები უფასურდება. დილით Nvidia-ს აქციები 17%-ით, Apple-ის 10%-ით, Microsoft-ის 9%-ით, Alphabet-ის 9.6%-ით, Amazon-ის 9.3%-ით, Meta-ს 10%-ით, ხოლო Tesla-ს აქციები 10%-ით დაეცა.
აშშ-ის მსხვილი აქციები ბაზრობამდელ ვაჭრობაზეც ეცემა, რაშიც Nvidia ლიდერობს. აქ დილის საათებში ხელოვნური ინტელექტის სექტორის აქციები 9,6%-ით, Apple-ის 6,1%-ით, Microsoft-ის, Meta-სა და Tesla-ს აქციები 5%-ზე მეტად დაეცა.
რაც შეეხება აზიას, იაპონური ვალუტა, დაახლოებით, 3,3%-ით, 141,70 დოლარამდე გაუფასურდა, რაც იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამან აზიის ვალუტის, ასევე, საფონდო და ობლიგაციების ბაზრები შეარყია. იაპონიის საბაზისო ინდექსმა, Nikkei-მ 12,40%-ით დაიკლო, რაც 1987 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა, ხოლო უფრო ფართო ინდექს Topix-მა 12,48% დაკარგა.
MSCI Asia Pacific-ის ინდექსი 4.3%-ით დაეცა, რითიც წლევანდელი მოგება დაკარგა. ინდექსის კლებაში მესამედზე მეტი რეგიონის უმსხვილესი კომპანიების, TSMC-ის, Samsung Electronics-ის, Toyota-ს და Mitsubishi UFJ Financial-ის წილია.
აზიურ ვაჭრობაზე Nasdaq 100-ის ფიუჩერსი 6,5%-ზე მეტად, ხოლო S&P 500-ისა და Euro Stoxx 50-ის ფიუჩერსი 3%-ით დაეცა.
აქციების გაყიდვა ევროპულ ბაზრებზეც გრძელდება, თუმცა აზიასთან შედარებით, ნაკლები “რადიკალიზმით.” ორშაბათის დილის მდგომარეობით, Stoxx Europe 600-ისა და FTSE 100-ის ინდექსები 2%-ით დაეცა. Stoxx Tech Index, თითქმის, 5%-ით დაეცა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
ციკლური სექტორები, როგორიც ბანკები, ენერგეტიკული და სამთომომპოვებელი კომპანიებია, ასევე, მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან, ხოლო პირველადი სამომხმარებლო პროდუქციისა და სასურსათო მარაგის კომპანიათა ინდექსები უკეთესად გამოიყურება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ