ინდოეთი, სადაც ალკოჰოლური სასმელების პირდაპირი რეკლამა აკრძალული, ირიბ რეკლამირებასაც კრძალავს.
Reuters-ის ცნობით, ახალ გამკაცრებულ წესებს მთავრობა მალე გამოაცხადებს.
მიზეზი ის გახდა, რომ არსებული აკრძალვის არიდების მიზნით ალკოჰოლის არაპირდაპირ რეკლამებში ნაჩვენებია უალკოჰოლო პროდუქტები ან ნივთები, რომლებზეც ძირითადი ბრენდის ლოგო არის გამოსახული და რომლებიც ბოლივუდის პოპულარული კინოვარსკვლავების მიერ რეკლამირდება.
მაგალითად, ლუდსახარში Carlsberg ინდოეთში რეკლამით თავის სასმელ წყალ Tuborg-ს ავითარებს, რომელსაც კინოვარსკვლავები არეკლამირებენ, ხოლო მისი სლოგანი იმეორებს ლუდის სარეკლამო სლოგანს, “დალიე პასუხისმგებლობით.”
მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი წესები „ირიბ რეკლამაში მონაწილეობის აკრძალვას” მოიცავს. ამიერიდან ამ ტიპის ე.წ. მატყუარა რეკლამებს კომპანიებისთვის ჯარიმები, ხოლო ცნობილი ადამიანებისთვის აკრძალვები მოჰყვება. კერძოდ, ჯარიმები მწარმოებლებისთვის და სპონსორებისთვის 5 მლნ რუპიამდე, ანუ 60,000 დოლარამდე შეადგენს, ხოლო პრომოუტერებს სპონსორობა ერთიდან სამ წლამდე აეკრძალებათ.
Reuters-ის შეფასებით, ახალმა ზომებმა შესაძლოა, აიძულოს ისეთი კომპანიები, როგორიც Carlsberg, Pernod Ricard და Diageo-ა, თავიანთი მარკეტინგული კამპანიები შეცვალონ.
ცნობისთვის: ინდოეთი ალკოჰოლის მოცულობით მსოფლიოში მერვე უმსხვილესი ბაზარია, რომლის წლიური შემოსავალი Euromonitor-ის მიერ 45 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ