რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორნახევარი წლის შემდეგ უკრაინაში ტურიზმი თანდათან ფეხზე დგება, ხოლო რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილები ტურისტებისთვის მეტად მოთხოვნადი გახდა.
ინფორმაციას The Times ავრცელებს.
კერძოდ, უკვე ათზე მეტი კომპანიაა, რომლებსაც ტურები მხოლოდ ბუჩაში აქვთ, ხოლო უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთკვირიანი „სამხედრო ტური,“ თითქმის, 4,000 დოლარი ღირს.
მაგალითად, თუ ომამდე კომპანია, Capital Tours ტურისტებს კიევ-პეჩერის ლავრასა და ქალაქის მორთულ მეტროსადგურებს ქვეითად ათვალიერებინებდა, ამჟამად სტუმრებს 166 დოლარად ექვსსაათიან ტურს ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში სთავაზობს. ეს კიევის გარშემო ქალაქებია, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. კომპანია სტუმრებს უჩვენებს ადგილებს, სადაც დამპყრობლებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს.
მიმდინარე ზაფუხლს Capital Tours-მა უკვე 30-დან 40-მდე ასეთი ტური ჩაატარა. მისი, თითქმის, ყველა კლიენტი მამაკაცია, რომლებიც მარტო მოგზაურობენ. მათგან ნახევარი აშშ-დან, დანარჩენი კი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან და საფრანგეთიდან ჩადის.
„ეს ის ხალხია, ვისაც სურს ნახოს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა საომარ მდგომარეობაში,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ტრაგედიის კომერციალიზაციის ეთიკურობის შესახებ Capital Tours-ში ამბობენ, რომ მისი შემოსავლის, დაახლოებით ნახევარი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა. კომპანია ასეთ ექსკურსიებს პოლონეთის ოსვენციმის მუზეუმს ადარებს.
„ეს არის დანაშაულები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - აცხადებენ Capital Tours-ში.
გამოცემის ცნობით, ბუჩას მცხოვრებლები ტუროპერატორის პოზიციას, ძირითადად, ეთანხმებიან, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ კერძო პირები არ უნდა სარგებლობდნენ ქალაქით, სადაც ხალხმა ყველაფერი დაკარგა.
The Times წერს, რომ უცხოელების ჯგუფი ბუჩას ისტორიას უშუალო მონაწილისგან, კერძოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლისგანაც ისმენენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ