რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირება 250-300 მლნ ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირება 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, თუ ბიუჯეტის შეკვეცა 140 მილიონი ლარი იქნება, "ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას".

"საერთოდ გაუგებარია, რაზეა საუბარი. ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება, მაგრამ ამ თანხის ნაწილი ინფრასტრუქტულ მშენებლობებზე იქნება გამოყენებულიო. ვინმემ გაიგო, რას ნიშნავს ეს? სანამ რეალური ინფორმაცია არ იქნება წარდგენილი, არასერიოზულია ამ გამონათქვამების საფუძველზე დასკვნების გაკეთება. თუ სუფთა შეკვეცა 140 მილიონი ლარი იქნება, ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მთავრობის ხაზინის ანგარიშზე გაზრდილია 230 მილიონი ლარით, ანუ ბიუჯეტში მეტი ფულია მობილიზებული, ვიდრე დახარჯული (ამაში შედის სახაზინო ვალდებულებების განთავსებით მიღებული შემოსავლებიც).  "ეს ხელს უწყობს ლარის მყიფე სტაბილურობას, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც - ნაშთების ზრდა ხდება არა მიზანმიმართულად, ლარის გაუფასურების საწინააღმდეგოდ, არამედ მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი, როდესაც მხარჯველი ერთეულები დროულად თანხებს ვერ ითვისებენ და ძირითადი დაწოლა მოდის წლის ბოლო ორ თვეზე, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი ხდება", - განაცხადა გოცირიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ სეკვესტრი სულ მცირე 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.  "ეს უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა, დროზე რომ მომხდარიყო. როცა ნახევარი წელი მიილია და უამრავი არარაციონალური ხარჯი იქნა გაწეული, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ახლა უფრო ძნელია. რატომ ითრევდნენ ფეხს, გაურკვეველია", - განაცხადა გოცირიძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მისივე განმარტებით, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.