ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.
„საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.
მისივე თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში მიმდინარე პროექტები გადაიხედოს.
„ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და შესაბამისად, სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თვალსაზრისით მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის ყველა ამის მსურველ ადამიანს რეალურად, მოესპობა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.