შავ ზღვაში უცხო სახეობების გავრცელება ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის - თურქი ექსპერტები

ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში ტემპერატურის მატების გამო ზოგიერთი სახეობის გავრცელებამ ეკოსისტემების ბალანსზე შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა ექსპერტებმა განუცხადეს.

მათი მონაცემებით, კლიმატის ცვლილებამ და ზღვის წყლის დათბობამ საზღვაო ეკოსისტემებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. დიდწილად სწორედ ამ ეფექტით იყო განპირობებული, რომ წითელი ზღვის ბინადარი სახეობები ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში გავრცელდა.

უცხო სახეობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ჯერ კიდევ 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თურქეთის მასშტაბით 539 ასეთი სახეობა იქნა ნაპოვნი.

კერძოდ, შავ ზღვაში უცხო სახეობების რაოდენობა 30-ს უახლოვდება, მაშინ, როცა მარმარილოს ზღვაში უკვე 100-ს გადააჭარბა. ეგეოსის ზღვაში 253, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 413 უცხო სახეობაა.

თურქი ექსპერტების ვარაუდით, თუ გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდა, უცხო სახეობების რაოდენობა ადგილობრივებს გადააჭარბებს. უცხო სახეობების გავრცელება ეკოსისტემის ბალანსზე ზემოქმედებს, ადგილობრივ სახეობებთან ქმნის კონკურენციას, რაც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის პრობლემაა.

„შავ ზღვაში ეტაპობრივი "ხმელთაშუაზღვიზაციის" ტენდენცია შეინიშნება, რაც მხოლოდ უცხო სახეობებით არ შემოიფარგლება. ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის ტემპერატურის მატება და ტემპერატურული სხვაობის შემცირება ზოგიერთი სახეობის მასიურ გადასახლებას იწვევს. ხმელთაშუა და შავი ზღვების ეკოსისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში ბინადარი თევზის სახეობები მარმარილოსა და შავი ზღვებისკენ იწყებს გავრცელებას,“ - აცხადებენ თურქი მეცნიერები.

კერძოდ, ხმელთაშუა ზღვის თევზები, როგორიც არის ტრაჩინოტი (პომპანო) და ატლანტიკური მორმორა, შავ ზღვაში გავრცელდა, ხოლო მარმარილოს ზღვაში სწრაფად მოცურავე ლამბუკას თევზი დაფიქსირდა, რომელიც ატლანტიკურ-ხმელთაშუა ზღვის წარმოშობისაა.

ეკოსისტემაში ახალი სახეობის გამოჩენა კვების ქსელში ცვლილებებს იწვევს. ამდენად, შავი ზღვის ეკოსისტემის სახეობები, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, "ხმელთაშუაზღვიზაციის" საფრთხის წინაშე დგანან.

ცნობისთვის: ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, მარტში ზღვის ზედაპირის გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 21,07 გრადუსი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 100-დან 94 დღეს ყველაზე თბილი ზღვის ზედაპირის საშუალოდღიური ტემპერატურა წელს დაფიქსირდა.

ზღვის ზედაპირის გლობალური ტემპერატურის ანალოგიური მატება თურქეთის მიმდებარე წყლებშიც დაფიქსირდა. 2023 წელს თურქეთის ზღვების საშუალო ტემპერატურა გრძელვადიან მაჩვენებელზე მაღალი აღმოჩნდა.

კერძოდ, შავ ზღვაში 1970-2023 წლების საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსს, ხოლო მხოლოდ 2023 წელს 16,8 გრადუსს შეადგენდა.

დანარჩენ ზღვებში ტემპერატურის 2023 წლის საშუალო მაჩვენებლები ასეთია:

  • მარმარილოს ზღვაში - 17,6 გრადუსი (1970–2023 წლებში 15,7 გრადუსი)
  • ეგეოსის ზღვაში - 20,5 გრადუსი (18,7 გრადუსი)
  • ხმელთაშუა ზღვაში - 22,6 გრადუსი (21,5 გრადუსი)

მოამზადა ლადო სულაბერიძემ