აშშ-ის რეცესიის შიშის გამო ორშაბათის დილიდან გლობალური აქციები ჩამოიშალა. მათი გაყიდვები სულ უფრო იზრდება. ინვესტორები მთელს აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში თავიანთ პოზიციებს ერთდროულად ხურავენ. კერძოდ, იაპონიის საფონდო ბირჟა დაეცა. ასევე, ეცემა აშშ-ის აქციების ფიუჩერსები, ხოლო აზიაში ავტომატური გათიშვები ჩაირთო. მათ ევროპული აქციები მოჰყვა და Stoxx 600-ის ინდექსი 2%-ით დაეცა. იაპონიის საბაზისო ინდექსმა, Nikkei-მ 12,40%-ით დაიკლო, რაც 1987 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.
The Guardian-ის ცნობით, არასტაბილური პირობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის ფედრეზერვმა 31 ივლისის შეხვედრის შემდეგ მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები მალე შემცირდებოდა. ეს აქციების მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინვესტორებმა განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება აშშ-ის ეკონომიკის შენელებად აღიქვეს.
კერძოდ, რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის, წარმოების, გრძელვადიანი საქონლისა და რაც მთავარია, სამუშაო ადგილების და ხელფასების შესახებ მონაცემები აშშ-ის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე კითხვებს აჩენდა. ინვესტორებმა რეცესიის ნიშნები დაინახეს, რადგან ასეთი მაჩვენებლები ჩნდება მაშინ, როცა უმუშევრობის დონე სწრაფად იზრდება, ეს კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა რეცესიას სწორად განსაზღვრავს.
ამერიკელი ეკონომისტები აცხადებენ, რომ აშშ-ში “რეცესიის შიში ახალი ძალით დაბრუნდა”, ქვეყნის მონაცემები მოსალოდნელზე სუსტია, რამაც ბაზრის ძლიერი რეაქცია გამოიწვია.
უოლ-სტრიტის შიშის ინდიკატორმა, CBOE-ის არასტაბილურობის ინდექსმა 65-ზე მაღლა, ანუ იმ დონემდე აიწია, რომელიც პანდემიის შემდეგ არ დაფიქსირებულა და რაც ეკონომისტებს გლობალურ ფინანსურ კრიზისს მოაგონებს.
ბოლო წლებში გლობალური რეცესიის შიშები გამოწვეულია ცხოვრების ღირებულების ზეწოლით, რაც საბოლოოდ ხარჯებს იმ დონემდე შეამცირებს, რომ ეკონომიკა უკუსვლას დაიწყებს.
ინვესტორების ერთ-ერთი ორიენტირი ავეჯისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ამერიკული ონლაინ კომპანია Wayfair-ია. კომპანიამ გასულ ხუთშაბათს გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ მომხმარებლები მეტად ფრთხილობენ და სამი წლის წინ დაფიქსირებული ხარჯების პიკური დონიდან, თითქმის, 25%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. Wayfair-ის შეფასებით, „ეს პიკიდან ძირამდე კორექტირების იმ მასშტაბს ასახავს, რასაც სახლის ავეჯის სექტორი დიდი ფინანსური კრიზისის დროს განიცდიდა".
მოამზადა ლადო სულაბერიძემ