შემოდგომაზე საქართველოში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი გაიხსნება

ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში 1789 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა. ქვედა სადგურში კი ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ამბიციური პროექტი, რომელსაც ჩვენი მთავრობა დაპირდა ხალხს და რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, უსადენო ზიპლაინის მსენებლობას, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მიმართულება იქმნება და შუახევის პოტენციალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

პირველ რიგში, ადგილობრივები ისარგებლებენ ამ ახალი ინფრასტრუქტურით და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოინახულებს ამ ადგილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩირუხი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი და სამუშაო ადგილი გაჩნდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი