კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული უძრავი ქონება არ გაიყიდა. საუბარია, თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2-ში/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე რამდენიმე ფართზე, რომელიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გასაყიდად გამოიტანა.
უფრო კონკრეტულად, აუქციონზე იყიდებოდა აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე 927.62 კვ.მ ფართი, მეორე სართულზე - 891.81 კვ.მ. ფართი, მესამე სართულზე - 775.14 კვ.მ. ფართი, მეოთხე სართულზე - 793.78 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ქონება სააგენტომ მიმდინარე წლის 23 ივლისს გამოიტანა, აუქციონი კი დღეს, წინადადებების გარეშე დასრულდა.
ქონების საწყისი ფასი 6 650 000 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2019 წლიდან ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას, რომლის ფარგლებში დღეისთვის უმოქმედო შენობებში, წესით, უნდა გაიხსნას ახალი საწარმოები, სასტუმროები და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის მქონე დაწესებულებები.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისო ინვესტორს, გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით.