ვის რამდენი მცურავი საწარმოო კომპლექსი ეყოლება 2030 წელს - Rystad Energy-ის კვლევა

2030 წლისთვის მსოფლიოს 21 ქვეყანაში 49 ერთეული FPSO-გემის, ანუ ნავთობგაზის საწარმოო, შესანახი და გადმოსატვირთი მცურავი საშუალების (Floating Production Storage and Offloading) ექსპლუატაციაში შეყვანა იგეგმება.

ამის შესახებ ნორვეგიის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Rystad Energy-ის ანგარიშში წერია, რასაც Anadolu ავრცელებს.

FPSO-გემები საზღვაო ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლებიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ნახშირწყალბადების წარმოებისთვის, გადამუშავებისა და შესანახად გამოიყენება.

ამჟამად მსოფლიოს 13 ქვეყანაში 55 FPSO-ხომალდი არის რეგისტრირებული, ხოლო 2030 წლისთვის მსოფლიოს 21 ქვეყანაში დამატებით 49 FPSO-გემი ამოქმედდება.

კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილია 12-ის, გაიანა 6-ის, ხოლო დიდი ბრიტანეთი 4 FPSO-ხომალდის ექსპლუატაციაში შეყვანას გეგმავს. 2030 წლისთვის ანგოლასა და მალაიზიას სათითაოდ სამ-სამი ასეთი ხომლადი, ხოლო ნამიბიას, ნიგერიას, ვიეტნამს, ავსტრალიასა და კვიპროსს სათითაოდ ორ-ორი გემი ეყოლებათ. ამასთან, თითო-თითო FPSO-გემის ექსპლუატაციაში შეყვანა დანარჩენ 11 ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში იგეგმება.

თურქული FPSO-ხომალდი სინგაპურიდან 30 ივლისს გამოვიდა და ქვეყანაში, დაახლოებით, 2 თვეში ჩავა. მისი სიგრძე 298,45 მეტრი, სიგანე 56 მეტრი, ხოლო გაზის გადამუშავების მაქსიმალური სიმძლავრე დღეში 10,5 მლნ კუბური მეტრია. მცურავი საწარმოო კომპლექსი შავ ზღვაში წარმოებას 2026 წელს დაიწყებს. FPSO-გემი საქარიას გაზის საბადოზე 20 წლის განმავლობაში იმუშავებს.

FPSO-გემების 2030 წლის რაოდენობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  • ბრაზილია - 12 ერთეული
  • გაიანა - 6
  • დიდი ბრიტანეთი - 4
  • ანგოლა, მალაიზია - 3
  • ნამიბია, ნიგერია, ვიეტნამი, ავსტრალია, კვიპროსი - 2
  • კანადა, ფოლკლენდის კუნძულები, ბულგარეთი, ნორვეგია, ირლანდია, კონგო, განა, ინდოეთი, ტაილანდი, ახალი ზელანდია, თურქეთი - 1

მოამზადა ლადო სულაბერიძემ