„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, კლიმატური ცვლილებებისა და გარემოზე ზეგავლენის შესამცირებლად სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თქვა, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და სამუშაოები, შედეგებმა კი აჩვენა, რომ აჭარა-თრიალეთის ქედსა და კავკასიონზე მძიმე მდგომარეობა.
ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ამ ფონზე მაღალმთიან კურორტებზე საჭიროა ტურისტული სექტორის გადამზადება, მათ შორის, აუცილებელია გიდების მომზადებაც, რათა რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
„გვაქვს საფრთხეები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე. აჭარა-თრიალეთის ქედი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საფრთხეები გვაქვს ყველა მხრიდან და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესები კავკასიონზე, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, თუ არ იქნება პრევენციული ღონისძიებები გატარებული.
უნდა მომზადდნენ გიდები, უნდა მომზადდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და ამაზე მიდის ახლა მუშაობა. ვითხოვთ, რომ ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც არის მაღალი მთის კურორტი განვითარებული, რისკები მინიმალურამდე იყოს დაყვანილი და როცა ადამიანს ეუბნებიან, რომ არ შეიძლება რაღაცის გაკეთება, მაგალითად მშენებლობა კალაპოტსა და პირველ ტერასაზე, უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება,“ - აღნიშნა ჩხობაძემ.
მანვე დასძინა, რომ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთანაც მუშაობა იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე შესაძლებელი გახდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბიულეტენების წაკითხვა და შემდეგ მისი აღსრულება.
„პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ დირექტიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სახელმწიფომ - რაღაცების გაკეთება ყველგან არ შეიძლება. საფრთხეებს როცა აცხადებს ბიულეტენი, მართალია, გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მაგრამ ეს არის სახელმძღვანელო ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. ახლა მიდის სამუშაო, რომ წაკითხვა ისწავლონ მუნიციპალიტეტებში ბიულეტენის, ამასაც სჭირდება სპეციალისტი, რომელიც შემდგომ დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
იხილეთ ასევე: „არ შეიძლება განაშენიანების ისე განვითარება, რაც ხდება სანაპიროებზე - ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩადგეს“