დიმიტრი ქუმსიშვილი: მოქალაქეებს, რომლებსაც სახლი სრულად გაუნადგურდათ, მუდმივი საცხოვრებელი მიეცემათ

მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები - ვისაც სრულად გაუნადგურდა სახლი და დღეს მათ სახლებში ტექნიკურად ვერ შეისვლება, სამართლიანი მეთოდოლოგიით აუცილებლად მიეცემათ მუდმივი საცხოვრებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, სტიქიის სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.

"ასევე გარკვეული თანხა არის გადმოტანილი ხაზინის ანგარიშიდან, რომელიც იყო შემოწირულობების ნაწილში. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ძირითად თანხებს ვხარჯავთ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებზე. ეს არის პირველადი საჭიროებები, რომელიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დაკარგული ადამიანების მოძებნასთან, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანების უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისათვის გასაწევი ხარჯები. სამომავლოდ ვებგვერდზე www.help.tbilisi.gov.ge აბსოლუტურად გამჭვირვალედ აისახება ყველა თეთრი, რომელიც აღნიშნულ სტიქიაზე გამოიყო. ყველას ექნება შესაძლებლობა, გამჭვივრალედ ნახოს რომელი თეთრი რაზე დაიხარჯა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.