„ბიბლუსი ჯგუფის“ პორტფელს საბავშვო ტანსაცმლის მიმართულება დაემატა. 5-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად საერთაშორისო ბრენდი Carter’s & Oshkosh B’Gosh უკვე „ბიბლუსი ჯგუფის“ პარტნიორია და ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის საბავშვო პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
ახალ ბრენდზე, სამომავლო გეგმებსა და ზოგადად „ბიბლუსი ჯგუფის“ განვითარების სტრატეგიაზე მისი გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გვესაუბრება.
საუბარი „ბიბლუსი ჯგუფის“ განვითარების სტრატეგიით დავიწყოთ. როგორია თქვენი განვითარების ხაზი და ხედვა?
მე-18 წელია, „ბიბლუსი“ ქართულ საცალო ვაჭრობის ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობა წიგნებით დაიწყო. თუმცა ბოლო 6 წელია, აქტიურად ვვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიის ფარგლებში ფართოვდება ასორტიმენტი და ემატება საკანცელარიო ნივთები, ელექტროაქსესუარები და საახალწლო სათამაშოები, ჩვენ მნიშვნელოვნად ვფართოვდებით „ბიბლუსს“ გარეთაც. „ბიბლუსი“ უკვე ოპერირებს როგორც „ბიბლუსი ჯგუფი“ და ის მოიცავს სათამაშოების ორ მსხვილ ბრენდს, „პეპელასა“ და XS Toys-ს“. აღნიშნული ბრენდები ფლობენ ყველა იმ მსხვილ სალიცენზიო უფლებას სათამაშოების ნაწილში, რაც დღეს მსოფლიო მასშტაბით არსებობს. ჩვენთან ხელმისაწვდომია მხოლოდ ლიცენზირებული, უსაფრთხო პროდუქცია.
განვითარების გარკვეულ ეტაპზე საზღვარგარეთ გაფართოება გადავწყვიტეთ და დღეს ჩვენ XS Toys -ის“ ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილი სლოვენიაში. წელიწად-ნახევარია, რაც სლოვენიის ბაზარზე შევედით და საკმაოდ წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას. ევროპის ბაზარზე აქტიურად ვგეგმავთ განვითარებას.
პარალელურად არ ვწყვეტდით ფიქრს იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ჩვენი განვითარება. გადავწყვიტეთ სათამაშოებთან ერთად მომხმარებლებისთვის ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, აქსესუარები შეგვეთავაზებინა. ეს მიმართულება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის შემოერთებაზე დავიწყეთ ფიქრი. სწორედ ასე მივედით Carter’s-მდე.
რატომ Carter’s რა იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც პარტნიორობის დაწყებამდე ყურადღება მიაქციეთ?
ეს გახლავთ ამერიკული წამყვანი კომპანია, რომელიც თავის თავში სამ ბრენდს აერთიანებს. ესენია: Carter’s, Oshkosh B’Gosh და Skip Hop. სამივე ბრენდით კომპანია საბავშვო პროდუქციის სრულ ასორტიმენტს მოიცავს, მათ შორის, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, და სხვა.
დღეს აშშ-ში 2 წლამდე ასაკის საბავშვო პროდუქციის საცალო ქსელებში Carter’s პირველ ადგილზეა როგორც გაყიდული პროდუქციით, ისე მაღაზიების რაოდენობითა და შემოსავლებით. ბოლო წლებში ბრენდმა აქტიურად დაიწყო განვითარება სხვადასხვა ქვეყანაში და დღეს უკვე მათი ოფიციალური პარტნიორები საქართველოში ჩვენ ვართ.
Carter’s ხელმისაწვდომი ბრენდია და საშუალოფასიან საფასო სეგმენტში პოზიციონირებს, ხოლო ხარისხით ბავშვთა ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდებს უტოლდება. ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს ეს ყველაფერი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ აღნიშნული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორი იყო მოლაპარაკების პროცესი? თქვენ თუ მოგიწიათ Carter’s-ის კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება?
მოლაპარაკების პროცესი დაახლოებით 5 თვე გაგრძელდა. საკმაოდ დეტალურად შეგვისწავლეს. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოშიც იყვნენ ჩამოსული და დაათვალიერეს ჩვენი მაღაზიები. რა თქმა უნდა, ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებიც დავაკმაყოფილეთ და უკვე 1 თვეა მათი ოფიციალური პარტნიორები ვართ საქართველოში.
როგორია თქვენი მოლოდინი და განვითარების გეგმა Carter’s-ის მიმართულებით?
ზოგადად, საქართველოში ჩვილ ბავშვზე დანახარჯი საკმაოდ მაღალია. საშუალო სტატისტიკური ხარჯი ბევრი დასავლური ქვეყნის მაჩვენებელსაც აღემატება. ამ ყველაფრისა და იმის გათვალისწინებით, რომ Carter’s მაღალი ხარისხის სამოსის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.
ამ ეტაპზე Carter’s 5 ფილიალითაა ბაზარზე წარმოდგენილი. მეხუთე მაღაზია ახლახან გაიხსნა ვაკის პარკის მიმდებარედ არსებულ „ბიბლუსი გალერეაში“. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი. ერთზე მოლაპარაკებები დასრულებულია, 2 კი აქტიური მოლაპარაკებების ფაზაშია.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები, ისევე როგორც იმ სხვა სექტორებში, რომლებშიც ვსაქმიანობთ.
(R)