ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კორექტირებას არ დაქვემდებარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისივე განმარტებით, უწყება უბრალოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს ზოგავს, დაზოგილ რესურსებს კი კაპიტალურ ხარჯებში ანაწილებს.

"ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კორექტირებას არ დაქვემდებარება. არის ის, რაც იყო, უბრალოდ, ვზოგავთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ამ ხარჯებს ვანაწილებთ კაპიტალურ ხარჯებში. დღეის მდგომარებით, დაზოგილი გვაქვს 200 000-ზე მეტი, ასე რომ, კორექტირება არ შეხებია არც ერთ იმ პროექტს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ახალი ბიუჯეტითაც ყველა პროექტი გრძელდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.