ბაზრის 51% სამ სუპერმარკეტს უკავია - TOP 10 მსხვილი მოთამაშე საქართველოში

მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საცალო ვაჭრობის სექტორის 51.3% სამ მსხვილ სუპერმარკეტს უკავია. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) მიმოხილვის თანახმად, ბაზრის უდიდესი ნაწილი „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს უჭირავს.

კვლევის თანახმად, საცალო ვაჭრობის სექტორში „ნიკორას“ წილი 18.9%-ს შეადგენს, „2 ნაბიჯის“ - 18.8%-ს, ხოლო „კარფურის“ - 13.6%-ია.

ჩამოთვლილი სუპერმარკეტებიდან 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის ხუთ თვეში შემცირებულია „ნიკორასა“ და „კარფურის“ წილები. მაგალითისთვის, გასულ წელს „ნიკორას“ წილი 19% იყო, „კარფურის“ კი 15.5%.

კვლევის მიხედვით, ამ 3 კომპანიის გარდა, ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ათეულს შემდეგი შვიდი სუპერმარკეტი ავსებს:

  • „სპარი“ – 12%;
  • „მაგნიტი“ – 9.2%;
  • „დეილი“ – 4.8%;
  • „აგროჰაბი“ – 4.1%;
  • „გუდვილი“ – 4.2%;
  • „გვირილა“ – 1.9%;
  • „უნივერსამი“ – 2.9%.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში, ისევე როგორც რეგიონებში გაზრდილია სუპერმარკეტების რაოდენობა. შარშან თბილისში 1 350 ქსელური სუპერმარკეტი იყო, წელს 5 თვეში რაოდენობა 1 546-მდე გაიზარდა. რაც შეეხება რეგიონებში, წელს 1 456 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, შარშან კი მათი რაოდენობა 1 089 იყო.

მერი ტაბატაძე