რუსეთის საზღვართან საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებზე 2.5 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

რუსეთის საზღვართან საავტომობილო გზის ჩაწყვეტილი მიწის აღდგენის სამუშაოებზე 2.5 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 12 ივლისს გამოაცხადა.

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის (რამპის) აღდგენის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე, წინადადებების მიღება 11 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 541 962 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გზის საპროექტო მონაკვეთზე მოხდა ავტობანთან მიერთებული კვანძიდან ამომავალი გზის ნაწილობრივი ჩაწყვეტა.

„პროექტით გათვალისწინებულია ჩაწყვეტილი გზის მონაკვეთის მოჭრა და აღდგენა გრუნტის შეცვლით და მის გასწვრივ ქვედა ნაწილში რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა. გრუნტის წყლის არიდების მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საპროექტო მონაკვეთს, ასევე ავტობანსაც, პროექტით გათვალისწინებულია ავტობანის მეორე მხარეს ზედა ბიეფში სადრენაჟო სისტემის მოწყობა,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი