„წინა წელთან შედარებით საქართველოდან ექსპორტი ქვეყნების მიხედვით, ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო“

2024 წლის ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა, გაიზარდა ასევე შუალედური სახის საქონლის ექსპორტი, თუმცა საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი შემცირებულია.

„სამომხმარებლო სახის საქონლის ჯგუფიდან ყველაზე მეტი დადებითი წვლილი სპირტიანი სასმელებისა და სხვადასხვა ხილის ნაყოფის გაყიდვებმა შეიტანა. მოიმატა ასევე სხვადასხვა ტანსაცმლისა და მინერალური წყლების ექსპორტმა. გარდა ამისა, ადგილობრივი საქონლის ჯგუფებიდან აღსანიშნავია თხილისა და კაკლის, სხვადასხვა ტანსაცმლისა და მინერალური წყლების ექსპორტის მატება.

შუალედური სახის საქონლის ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი (13.0 პპ) ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გააქტიურებამ შეიტანა. ივნისში, წინა წლის ბოლო თვეებისგან განსხვავებით, ფეროშენადნობების ექსპორტი მაღალი იყო, თან ასევე წლიურად მისი მოცულობა გაიზარდა.

ამასთანავე, დაუმუშავებელი ოქროსა და საყინულე მოწყობილობების ექსპორტმა კვლავ მოიმატა. საინვესტიციო საქონლიდან გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე ტრაქტორების ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, ხოლო სხვა საფრენი აპარატებისა და ჰაერის კონდენცირების მოწყობილობების ექსპორტმა მოიმატა. ივნისში საქონლის ექსპორტის მოცულობა რეალურად 10.3%-ით გაიზარდა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც სებ-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რეგიონის ქვეყნებიდან საექსპორტო შემოსავლების მატებაში მაღალი წვლილი შეიტანა ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მატებამ, რაც უმეტესად მსუბუქი ავტომობილების მკვეთრად გაზრდილმა გაყიდვებმა განაპირობა.

„გარდა ამისა, თურქეთში ფეროშენადნობებისა და სხვადასხვა ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად შემცირებულია. რუსეთში კი სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და მცენარის ნაყოფების ექსპორტმა მოიმატა.

დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია რუმინეთში სხვა საფრენი აპარატების, ჩინეთში ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ინდოეთში მინერალური და ქიმიური სასუქების, ეგვიპტეში ფეროშენადნობების, ხოლო გერმანიაში შერეული საქონლისა და სხვა ახალი ნაყოფების გაყიდვების კლება.

ამის საპირისპიროდ, რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების, აშშ-ში ფეროშენადნობების, პერუში მინერალური და ქიმიური სასუქების, პოლონეთში გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, უკრაინასა და ბელარუსში სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი შემცირდა.

ამასთან, დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ტანზანიაში მინერალური და ქიმიური სასუქების, ხოლო ტაჯიკეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მცირეოდენი კლება. აღნიშნულ თვეში, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი ექსპორტის 79% მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო,“ - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

თაია არდოტელი