biletebi.ge გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

biletebi.ge-ს ადმინისტრაცია გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

როგორც biletebi.ge-ს "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც ეძებენ ალტერნატიულ გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გულშემატკივრების მიერ ბილეთების შეძენა.

"ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს, რის შესახებაც დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა. ასევე გაცნობებთ, რომ დამატებით ბილეთების გაყიდვა არ მომხდარა, ყველა ბილეთი ინახება სისტემაში. biletebi.ge თავის მხრივ ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს და არ გაურბის პასუხისმგებლობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში უეფას სუპერთასის მატჩი მიმდინარე წლის 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ერთმანეთს 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.