„რუსეთმა საკუთარი ვაშლის მოყვანა დაიწყო და ქართულს ანაცვლებს, ამიტომ ექსპორტზე მოლოდინებს არ ვამყარებთ“

საქართველოში წელს ვაშლის კარგი მოსავალი იქნება, თუმცა წარმოება ძირითადად, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოსიაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

„მოლოდინი გვაქვს საუკეთესო. შარშანდელთან შედარებით ამინდი სტაბილურია. სტიქიური მოვლენები იყო, მაგრამ არა ხანგრძლივი, რაც ვაშლის საერთო მოსავლიანობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ამიტომ, ველოდებით, რომ იქნება მოსავლიანი წელიწადი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიდა მოთხოვნა სრულად შეიძლება დაკმაყოფილდეს. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, წარმოების პოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული, ვფიქრობთ, რომ წელს ადგილობრივი მოთხოვნის დაახლოებით 70-80% იქნება დაკმაყოფილებული,“- განმარტა მან.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე საქართველოდან ვაშლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლოდინები კიდევ უფრო შემცირებულია, რადგან ძირითადმა საექსპორტო ქვეყანამ, რუსეთმა საკუთარი პროდუქციის წარმოება დაიწყო. გარდა ამისა, გაზრდილია კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან.

„რაც შეეხება ექსპორტს, ვაშლის შემთხვევაში ჩვენი საექსპორტო ბაზარი ძირითადად არის რუსეთი და დსთ-ს სივრცე. რუსეთმა დაიწყო ვაშლის მოყვანა თავის ისეთ რეგიონებში, სადაც ეს შესაძლებელია და ამით მათ გარკვეულწილად, ჩაანაცვლეს ჩვენგან ექსპორტი, რაც ექსპორტის მაჩვენებლებზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას.

ასევე დიდი კონკურენციაა მეზობელი ქვეყნებიდანაც, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. მათ საკმაოდ კარგი პროდუქცია აქვთ და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონეთიდანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის ვაშლი რუსეთში. ამიტომ საექსპორტო მოცულობებთან დაკავშირებით დიდი იმედი არ გვაქვს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. მოთხოვნა იქნება მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტზე, შედარებით დაბალ ფასში.

ფასები კი ყოველთვის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსზე და ასევე ინფლაციაზე. თუმცა, დიდი როლი აქვს ენერგომატარებლებსაც. საქართველოში, სამეზობლოსთან შედარებით, ენერგომატარებლები ყველაზე ძვირია, რაც პროდუქციის ფასწარმოქმნაში თავის როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, მწარმოებლები პროდუქციას დაბალ ფასად ვერ გაყიდიან.

ყველაფერი გაძვირებულია და დაბალ ფასად რეალიზების შემთხვევაში, ფერმერი ვერ მოახერხებს ვერც კვლავ წარმოებას, ვერც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ვერც მოგებაზე გავა. ამიტომ, ფასების კლებას ნამდვილად არ ველოდებით. გააჩნია, უკვე მოსავლის ოდენობა როგორი იქნება. თუ ძალიან დიდი მოსავალი იქნება, ეს დაასტაბილურებს ფასებს, რადგან აუცილებელი იქნება ფასების დაწევა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მალფუჭებად პროდუქტს. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი სეზონი გვექნება,“- განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

ნათია ზარიძე