„ათეულობით წელია, 15 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება ჩვენთან დაშვებულია და ეს არის არასწორი,“- ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მხოლოდ საქართველოშია და ეს აუცილებლად შესაცვლელია. როგორც გელა კვაშილავა ამბობს, პრობლემას წარმოადგენს სატრანზიტო ავტომობილების მიერ სიჩქარის გადაჭარბებაც, შესაბამისად, აუცილებელია, კონტროლის ეფექტურად განხორციელება.
„ათეულობით წელია, 15 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება ჩვენთან დაშვებულია და ეს არის არასწორი. არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ბევრ ქვეყანაში დაწესებულია +5-10კმ/სთ. ჩვენთან არასწორი მიდგომაა, ასეთი რამ არცერთგან მინახავს, უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ. ეს აუცილებლად შესაცვლელია და ამაზე შესაბამის უწყებებთანაც იყო საუბარი, უბრალოდ, აღსრულება ჭირსო, მაგრამ ახლა ხომ ტექნოლოგიები განვითარდა, შესაბამისად, უფრო სწრაფად და სწორად ხდება გაზომვა.
ამას ემატება ის, რომ შუა დერეფნის ქვეყანა ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია სიჩქარის მენეჯმენტი. აუცილებელია სიჩქარის კონტროლი შემომსვლელ ტრანსპორტზე, რომლებსაც ტვირთები გადააქვს. თქვენც ნახავთ ავტომაგისტრალებზე სიჩქარის რეჟიმს არ იცავენ. ამიტომ, აუცილებელია გარკვეული მოთხოვნები და მისი აღსრულება, თუ გინდა, რომ შუა დერეფანი იყოს უსაფრთხო და სხვა პრობლემებიც არ შექმნას, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არა, შედეგად საცობებიც იქმნება. აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართული სიჩქარის კონტროლის მენეჯმენტი, როგორც მაგისტრალებზე ისე, ქალაქებში,“ - ამბობს გელა კვაშილავა.