ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან უჭერს მხარს. მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში კიევმა 108 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო.
„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიული ომის პირველივე დღიდან ჩვენს წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მას თითქმის 108 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა გავუწიეთ“, - წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში (Twitter).
ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინის დახმარების გეგმა, რომელიც 2024-2027 წლებში, უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში, 2024 წელს ევროკავშირის ფინანსური დახმარება 16 მილიარდ ევროს მიაღწევს, საიდანაც 3 მილიარდი ევრო გრანტები იქნება. მარტ-აპრილში უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე მიიღო გარდამავალი დაფინანსების ორი ტრანში 6 მილიარდი ევროს ოდენობით.
6 აგვისტოს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა მაკროფინანსური დახმარების ტრანშის გამოყოფა უკრაინის მექანიზმის პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევროს ოდენობით.