ყაზახეთმა მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში კასპიის ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება, თითქმის, ოთხჯერ გაზარდა. ამის შესახებ “ყაზმუნაიგაზის” მიერ დღეს გავრცელებულ ანგარიშში წერია.
კერძოდ, კომპანია “ყაზმორტრანსფლოტის” მიერ კასპიის ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებამ 1.292 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ანუ 332 000 ტონას 3,9-ჯერ აღემატება. უშუალოდ აქტაუ-ბაქოს მარშრუტზე ნავთობის ტრანსპორტირება 75%-ით, 431 000 ტონამდე გაიზარდა.
“კაზმორტრანსფლოტის” მიერ ღია ზღვებში გატანილი ნავთობის მთლიანმა მოცულობამ წლის დასაწყისიდან 6.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც, გასული წლის 5.9 მლნ ტონასთან შედარებით, 14%-ით მეტია.
ყაზახეთის ხელისუფლება გეგმავდა, ტრანსკასპიურ მარშრუტზე ნავთობმიწოდება 3 მლნ ტონამდე ორი წლის განმავლობაში გაეზარდა.
ნავთობსატრანსპორტო კომპანია “ყაზტრანსოილმა” 2023 წელს აქტაუდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა, 2022 წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 1.392 მლნ ტონამდე გაზარდა.
თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში 1.057 მლნ ტონა ნავთობი გადაიტვირთა.
ცნობისთვის: 2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მთავრობას ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა დაავალა. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, “ყაზმუნაიგაზმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც თენგიზის საბადოდან ბთჯ-ის მილსადენის მიმართულებით წელიწადში 1.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ